გერმანულ გაზეთ “ფრანკფურტერ რუნდშაუში” (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – “პუტინის ქოფაკები” “საზარბაზნე ხორცის” როლში: ჩეჩნები, როგორც რუსეთის მომხრეები და მოწინააღმდეგეები” (ავტორი – ანდრეას შმიდი).
ჩეჩნეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს – კავკასიის მთისწინეთში, საქართველოს საზღვართან, უკრაინის ომის ფრონტიდან ათასი კილომეტრის მოშორებით, ამის მიუხედავად, ჩეჩნეთი ომშია ჩაბმული. ეს ხდება არა მარტო ადგილობრივი მმართველის – რამზან კადიროვის “წყალობით”, რომელიც უკრაინის მოწინააღმდეგეა და რომელსაც “ვლადიმერ პუტინის ნების შემსრულებელ სისხლისმსმელ ძაღლს” უწოდებენ, არამედ იმ მიზეზითაც, რომ არიან კიევის მხარეს მებრძოლი ჩეჩნებიც”, – ნათქვამია სტატიაში.
“ჩვენ თავისუფლება გვინდა”: ჩეჩნები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ
ჩეჩნების ნათქვამს თუ დავუჯერებთ, უკრაინის მიერ ომის მოგების შემთხვევაში, ისინი რუსეთის კრიზისულ მდგომარეობას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ. რუსეთის მარცხის შემდეგ ჩეჩნეთში რამზან კადიროვის რეჟიმი, ალბათ, დაემხობა.
ჰაროლდ ჩემბერსი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ასევე აღნიშნავს ჩეჩნების მოტივაციას უკრაინის ომში: “მათ ცნობიერებაში ღრმად დევს რუსეთზე გამარჯვებისა და ჩეჩნეთისთვის თავისუფლების დაბრუნების სურვილი. მათ სურთ, რომ თავიანთმა სამშობლომ რუსული მმართველობის უღელი მოიშოროს”, – ამბობს ექსპერტი.
ჩეჩნების ნაწილი უკრაინის მხარეს ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძვის: “უკრაინა ჩემი სახლია”, – ასე უთხრა “რადიო “დოიჩლანდფუნკს” (Deutschlandfunk) ერთ-ერთმა ჩეჩენმა მებრძოლმა 2015 წელს, – “უკრაინამ მშობლებივით მიგვიღო და თავშესაფარი მოგვცა, რათა ჩვენი ბავშვები, ჩვენი ოჯახები კრემლის დევნისაგან გადაგვერჩინა. ასე რომ, მე უკრაინის თავისუფლებისთვისაც ვიბრძვი და – ჩემი სამშობლოსთვისაც. მათში განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე ერთმანეთს ავსებს”. მაგრამ 8 წლის შემდეგ სიტუაცია შეცვლილია: ჩეჩნებს დღეს უკრაინისათვის ომში ბრძოლა თავიანთ თანამემამულეების წინააღმდეგაც უწევთ.
“პუტინის მომხრე ქოფაკები”: რამზან კადიროვის “ბოევიკები” უკრაინაში
ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა აგრესიული ომის დაწყებიდან საკუთარი თავი გამოავლინა, როგორც კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მომხრედ და უკრაინის მოწინააღმდეგედ. მიმომხილველების აზრით, იგი ვლადიმერ პუტინის წინაშე თავისი დამსახურებებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულწილად ჩეჩენ ლიდერს სამსახურს უფასებს – ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვს რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. როცა იგი უკრაინის ომის ფრონტზე ჩეჩენ მებრძოლთა რაზმებს აგზავნიდა, ტრაბახობდა, რომ მისი შვილებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ამას წინათ რამზან კადიროვმა “ტელეგრამ-არხში” თავისი ვაჟების ომიდან დაბრუნების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა (უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან ერთად), მაგრამ არავინ იცის, მისი განცხადება სიმართლეა თუ არა.
“სიმკაცრითა და დაუნდობლობით ცნობილი რამზან კადიროვი, რომელიც, როგორც ამბობენ, ბევრი მკვლელობის შემკვეთია, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარს რუსეთს უჭერს. და ეს პირველად არ ხდება. იგი რუსებს ჯერ კიდევ თვით ჩეჩნეთის ომშიც კი მხარს უჭერდა, მამამისის – ახმატ კადიროვის მსგავსად, საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ახშობდა ანტირუსულ გამოსვლებს. კადიროვის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ჩეჩნებმა რუსეთით კარგად ისარგებლეს: მათ სახელმწიფოსაგან მიიღეს სამუშაო ადგილები, იარაღი, მიიღეს მილიარდობით დოლარი… რუსეთის სპეცსამსახურები “კადიროველებს” (“კადიროვის ერთგულ მოლაშქრეებს”) მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ”, – ამბობს კანადელი მეცნიერი ჟან-ფრანსუა რატელი ოტავის უნივერსიტეტიდან, ჩეჩნეთის მკვლევარი.
თუმცა რამზან კადიროვის მოქმედებაში ერთგვარი წინააღმდეგობაც შეინიშნება: დიახ, იგი მხარს უჭერს რუსეთის ოფციალურ ხელისუფლებას, მაგრამ აკრიტიკებს რუსეთის არმიის გენერლებს იმ მიზეზით, რომ ისინი ძალიან ლოიალურად და რბილად მოქმედებენ უკრაინის წინააღმდეგ. რამზან კადიროვს რუსი სამხედროების კრიტიკაში მოკავშირეც ჰყავს – კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის ჯგუფის” დამფინანსებელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
ჩეჩნური “საზარბაზნე ხორცი”: “ბინძური სამუშაო” მოსკოვისათვის
რამდენი ჩეჩენი მებრძოლი იმყოფება უკრაინის ომში გროზნოდან, ზუსტად უცნობია. ზოგიერთი შეფასებით, “კადიროველთა” რაოდენობა 10 ათასს აღწევს. რეგულარულად ვრცელდება ინფორმაციები “ახალ ჩეჩენ მოხალისეთა” შესახებ. ასეთ ცნობებს ყველაზე ხშირად თვითონ რამზან კადიროვი ავრცელებს. ერთი რამ ნათელია: ჩეჩენი მეომრები ყველაზე აქტიურად უკრაინაში მარიუპოლსა და სევეროდონეცკში იბრძოდნენ. ჟან-ფრანსუა რატელის აზრით, კრემლი ჩეჩნებს ელიტურ ქვედანაყოფად კი არ განიხილავს, არამედ – ომის საწარმოებელ ძალად, ე.წ. საზარბაზნე ხორცად. რუსეთის ხელისუფლებისათვის უფრო კარგია, ომში უფრო მეტი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპოს, ვიდრე – ეთნიკურად რუსი ჯარისკაცი.
პრორუსი ჩეჩნები უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხშირად ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ “ბინძურ სამუშაოსაც” ასრულებენ. არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ჩეჩნები მონაწილეობენ რუსი დეზერტირი ჯარისკაცების დასჯაში. “ისინი კანონდამრღვევ ბრძანებებს ასრულებენ. “კადიროველები” უფრო მეტად დანაშაულს სჩადიან და დამნაშავეებად გამოდიან, ვიდრე ჯარისკაცებად”, – ამბობს ჟან-ფრანსუა რატელი. წყარო
კვირის პალიტრა