“მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერი იმ სისტემაში და იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ”, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელმაც მესამე პრეზიდენტს სასჯელის არ გადაუვადა.
როგორც გიული ალასანია ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად იზიარებს პოზიციას, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.
“აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რომ უნდა სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი, არ ეპარებოდა ეჭვი არც ადრე. მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული ის რო ყოფილიყო, ეს რაც მოხდა სრულიად კანონზომიერია იმ სისტემაში, იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ”, – თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 თებერვალს, გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა დაცვის მხარემ. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში, შემდეგ კი სტრასბურგში. თუმცა, იქამდე დაცვის მხარე ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე მიმართავს.