ინგლისური ენის მასწავლებელი, 26 წლის ჯაბა წინწკალაძე სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია ხულოს მუნიციპალიტეტში.
ჯაბა ღორჯომის საჯარო სკოლაში მუშაობს. როგორც გვითხრა, მშობლიურ სოფელში ინგლისური ენის მასწავლებლად დაბრუნება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სკოლის მოსწავლეებს იგივე გამოცდილება არ ჰქონოდათ, რაც მას აქვს.
ინგლისური ენის შესწავლა მე-11 კლასში დავიწყე და უკვე ძალიან დაგვიანებული იყოო – გვითხრა ჯაბა წინწკალაძემ.
ინტერვიუში სკოლის დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს, გვიამბობს ღორჯომის სკოლის საჭიროებებზე, სამომავლო გეგმებსა და კიდევ ბევრ რამეზე.
- თუ ფიქრობდით, რომ სოფელში ასწავლიდით?
ინგლისური ფილოლოგია ბსუ-ში დავამთავრე. შემდეგ მაგისტრატურაში ფინანსები და საბანკო საქმე ვისწავლე, 1 წელი ვიყავი რეპეტიტორიც. ინგლისური ენის მასწავლებლად ღორჯომში 2019 წელს დავბრუნდი, რადგან უცხო ენის მცოდნე კადრის დეფიციტი იყო სოფელში.
მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც ინგლისურის მასწავლებელი მოვიდა სკოლაში და ინგლისური ენის სწავლა დავიწყეთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა.
ჩემი მთავარი მიზანი იყო, ჩემი სოფლის ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი და არ ეგრძნოთ ის დანაკლისი, რაც მე მქონდა. მე-11 კლასიდან რომ დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.
- ახლა სკოლის დირექტორიც ხართ. რას ნიშნავს იყო სკოლის ახალგაზრდა დირექტორი?
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, იქამდე 2 წელი ვმუშაობდი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
უფროსი მასწავლებელი ვარ. დირექტორის გამოცდაზე ახლა გავედი და ველოდები პასუხს.
- რამდენი მოსწავლე გყავთ და რა ცვლილებების საჭიროებას ხედავთ სკოლაში?
ღორჯომის საჯარო სკოლაში 140-მდე მოსწავლე სწავლობს. მაღალმთიან სოფლებში, მოგეხსენებათ, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. გვქონდა წელს რამდენიმე საგანზე ვაკანსია, რამდენიმე მასწავლებელი ჩანაცვლდა კვალიფიციური კადრით. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, რომ რა დანაკლისიც გვაქვს, შევავსოთ.
- იცლება სოფლები ახალგაზრდებისგან?
რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს. ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მოტივირებულ ახალგაზრდებს სოფელში, რომ არ დაგვეცალოს სოფლები.
ყოველწლიურად იკლებს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა. ყველგან ასეთია დინამიკა და მუნიციპალიტეტების სკოლებში – განსაკუთრებით.
ყველანაირად ვცდილობთ, ადგილობრივ დონეზე მოვაგვაროთ პრობლემები. იქნება ეს მოსწავლეების [ეროვნული გამოცდებისთვის] მომზადება, თუ ენის შემსწავლელი, გამაღრმავებელი კურსები და ა.შ.
გვაქვს სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა კვლევა მაქვს მე თვითონ ჩატარებული, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთადაც, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ არა თუ სკოლაში, არამედ, ზოგადად, სოფელში სჭირდებოდათ ელემენტარულ დონეზე მაინც ენის შესწავლა.
რამდენჯერმე უფასო კურსებიც გვქონდა და 2019 წლიდან დღემდე სრულიად უსასყიდლოდ ვამზადებ ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვებს და სხვა მიმართულებითაც, სხვადასხვა სახის პროექტში მყავს ჩართული, რომ მოსწავლეები წახალისდნენ და არ იგრძნონ თავი ისე, რომ ვთქვათ – „ვართ სოფელში და ჩვენი თვალსაწიერი არ არის იქამდე, რაღაც წარმატებას მივაღწიოთ“.
- როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეუწყოს ხელი კრიტიკულ აზროვნებას ბავშვებში?
ზოგადად, კრიტიკული აზროვნებისთვის მსჯელობა, დისკუსია უნდა იყოს და ჩართული უნდა იყოს [სასწავლო პროცესში მოსწავლე]. ზუსტად ამას ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებიც, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს სასწავლო გარემო და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კითხვის დასმის და თავისი აზრის ჩამოყალიბების საშუალებაც. ამას მივყავართ კრიტიკულ აზროვნებამდე.
მაღალმთიან სოფლებში, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ისეთი წვდომა ინტერნეტთან, ყველა მასწავლებელი ვერ ახერხებს ჩართვას სხვადასხვა სახის ტრენინგში, რომ მიიღოს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. არის კატეგორია მასწავლებლებისა, რომლებიც კარგად ართმევენ თავს, მათი ჩატარებული გაკვეთილები კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს და არის კატეგორია მასწავლებლების, რომლებიც ამაში მოიკოჭლებენ. ეს არის ინდივიდუალური, დამოკიდებულია მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.
- ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ მოსწავლის გავლენა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
მოსწავლე რომ არ იყოს, არც დირექტორი იქნება საჭირო სკოლაში და არც მასწავლებელი. ასე, რომ მოსწავლის ჩართულობა ყველა პროცესში აუცილებელია, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში, სადაც 4 და 5 მოსწავლეა კლასში.
- მაგალითად, სკოლის ბიუჯეტით რისი შეძენა გჭირდებათ, თუ განიხილავთ მოსწავლეებთან ამას?
სამწუხაროდ, მიმდინარე წლის სკოლის ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დამატებით შევიძინოთ რამე.
რაც შეეხება ბიუჯეტის განხილვას მოსწავლეებთან, არსებობს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მათთან ერთად ბიუჯეტის განხილვა, რა თქმა უნდა, ხდება. მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს, არ გვაქვს საშუალება, დამატებითი რამ შევიძინოთ და არჩევანის წინაშე გვყავდეს მოსწავლეები ან ადმინისტრაცია.
- სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ან მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით, რისი შეძენის საჭიროებას ხედავთ?
ვთქვათ, სკოლის კომპიუტერული სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც საჭიროა. 140-მოსწავლიან სკოლაში 3 კომპიუტერი ფუნქციონირებს და დანარჩენი მდგომარეობიდანაა გამოსული – ეს საკმარისი არ არის.
სკოლაში გვჭირდება ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა კი გვაქვს, მაგრამ არ არის საკმარისი წიგნების ეს რესურსი, რითაც მოსწავლე შეძლებს, რომ სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს წიგნი.
ბიუჯეტიდან გამომდინარე შეიძლება შეიძინო მრავალი თვალსაჩინოება, დაწყებული სპეცმოსწავლისთვის, იგივე პირველი კლასისთვის. ყოველწლიურად შემოდის მსგავსი სახის სიახლეები და საშუალება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით შევიძენდი მსგავს ინვენტარს სკოლისთვის.
- თქვენს სკოლაში თუ არის საგნები, სადაც ჯერ კიდევ არ გყავთ კვალიფიციური პედაგოგები?
ღორჯომის საჯარო სკოლას მიერთებულია ერთი საბაზისო სკოლა, სადაც 8 მოსწავლე სწავლობს და აქ უცხო ენის მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს. ასევე გვყავს რამდენიმე არასერტიფიცირებული პედაგოგი, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს სტატუსი და მიუხედავად მრავალგზის ვაკანსიის გამოცხადებისა, არ გამოჩნდა შესაბამისი კვალიფიციური კადრი.
ჩავარდნა მხოლოდ უცხო ენაში გვაქვს, ვერ ვიძიებთ მასწავლებელს.
- ზოგადად, თქვენი დაკვირვებით, უნდათ ახალგაზრდა მასწავლებლებს სოფლებში რომ ასწავლონ?
მასწავლებლის პროფესია ყოველთვის დაუფასებელი იყო. მე რომ ჩავაბარე, მაშინაც, ენთუზიაზმით თუ იმუშავებდა პედაგოგი. ახლა მატერიალური მხრიდან გამომდინარე, არა უშავს, მაგრამ მაინც, ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგად მუშაობენ, ენთუზიაზმზე და ადგილობრივი ახალგაზრდების სწორ აღზრდაზე არიან ორიენტირებულები.
- როგორია დირექტორის ანაზღაურება, თქვენი შრომის შესაბამისია?
ამას სამინისტრო გადაწყვეტს. ჩემი პირადი შეხედულება რომ გითხრათ, ძალიან ინდივიდუალური იქნება.
სამწუხაროდ, კადრების დეფიციტია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ვერ მოგვყავს კადრები, არ უნდათ, რომ სხვა, უცხო გარემოში, მაღალმთიან სოფლებში წამოვიდნენ და დამატებითი გაკვეთილების ჩატარება გვიწევს, რასაც დამატებითი დრო მიაქვს.
ახლა დირექტორს იმდენი საქმე აქვს, რომ შესაძლოა სულ ვერ აიღოს [საგაკვეთილო] საათი, ვერც მოიცალოს ჩასატარებლად.
- რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ინგლისური ენის სწავლის ხარისხი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს და მოსწავლეებს ჰყავდეთ კვალიფიციური პედაგოგები?
ბევრჯერ მითქვამს, კოლეგებთან, იგივე კათედრის, პედსაბჭოს შეხვედრებზე, რომ უცხო ენა არის მოსწავლეების აქილევსის ქუსლი მაღალმთიან სოფლებში.
რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში უნდა იყოს მინიმუმ ინგლისური ენის შემსწავლელი კარგი კურსები. გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს შეხება და ვერ გეტყვით ზუსტად, როგორ და რა დონეზე ისწავლება ინგლისური. ასევე, უნდა იყოს დამატებითი დაინტერესება უცხო ენებისადმი.
ეროვნული გამოცდების ბარიერი ინგლისურ ენაში, ვფიქრობ, ძალიან დაბალია და წესით, თუ მასწავლებელი ჰყავთ მოსწავლეებს, ეს ბარიერი უნდა გადალახონ.
- რას ფიქრობთ იმაზე, რომ ხულოში სკოლის დირექტორის პოზიციაზე ძირითადად კაცები მუშაობენ?
მე ვერაფერს ვხედავ ისეთს, რამაც შესაძლოა ქალს ხელი შეუშალოს, გახდეს სკოლის დირექტორი. რაც შეეხება გენდერულ დისბალანსს, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რატომ არის ასე.
ჩვენთან, სკოლაშიც, კაცების სიმრავლეა, ასე იყო და დღესაც ასეა. რამდენიმე პედაგოგი გამოიცვალა და ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად, შეძლებისდაგვარად, დამყარებული მქონდეს და ქალი პედაგოგებიც გვყავდეს სკოლაში – ქალს და დედას, ზოგადად, უფრო უმარტივდება ბავშვთან ურთიერთობა.
- თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ.
ვაპირებ დავრჩე სკოლის დირექტორად მანამ, სანამ არ მივიჩნევ, რომ ჩემი რესურსი აქ ამოწურულია და ვინმე ისეთი არ გააგრძელებს ამ საქმეს ისე, როგორც სჭირდება სოფელს.