პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები “დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის” წყაროდ იქცა. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის გადაცემა თავისუფალ სივრცეში ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები, საქართველოსთან მიმართებით, იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ და ძალიან სამწუხაროა. ხედავთ, არის ჯგუფი ევროპელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად, დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი.
ამ რეზოლუციას თუ შევხედავთ, არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა, გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებისთვის.
ანუ, ეს საუბარი, თითქოს უფლებამოსილების გადამეტება, ალბათ, სურვილია, რომ რაღაცნაირად აჩვენონ, რომ ეს, შეიძლება, პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყო ან ბრალდებები, მაგრამ რას უშვრებიან ჯგუფურად ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას?”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, “ერთადერთი”, რაშიც ამ რეზოლუციას ეთანხმება, არის ჩანაწერი, რომ სააკაშვილის საქმე ლაკმუსის ტესტია. მისი თქმით, ეს საქმე აძლევთ შესაძლებლობას, დაინახონ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ – სააკაშვილის.
დღეს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს.
შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის “ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი”.
ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.