რაზე ესაუბრნენ დახურულ კარს მიღმა ამერიკელი სენატორები ივანიშვილის ადვოკატს

19 თებერვალს ამერიკელ სენატორებთან გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც ესწრებოდა. ვიქტორ ყიფიანის თქმით, შეხვედრაზე მიწვეული იყო როგორც ანალიტიკურ ცენტრ “ჯეო-ქეისის” ხელმძღვანელი და საუბარი ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ან მისი დასანქცირების საკითხს არ შეხებია.

“დასანქცირებაზე ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციებთან მიმართებაში. ვსაუბრობთ და გვისაუბრია და გვითქვამს, რომ არანაირი არგუმენტირებული საფუძველი, იურიდიული ფაქტოლოგიით გამყარებული ჩვენ ჯერჯერობით არ გვიხილავს და არც ევროპარლამენტის რეზოლუციები იძლევა ამის საფუძველს. თუ თქვენ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, მე ვფიქრობ, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა როგორც იუმორისტული ჩანართი ამ ინტერვიუს ფარგლებში. სენატორების ასეთ საკითხებზე შეკითხვები ჩემდამი ვერ და არ ექნებოდათ, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ ამ თემებს არ შევხებივართ”, – თქვა ვიქტორ ყიფიანმა.შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. გუშინ, 19 თებერვალს ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share