ამერიკისგან რევოლუციურ გარდაქმნებს არ ველოდოთ, მაგრამ წამოიწევს მიდგომა, სადაც საქართველო პარტნიორია, რუსეთი კი მოწინააღმდეგე, – ამის შესახებ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა კითხვაზე, რას უნდა ელოდოს საქართველო ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისგან.
“რუსეთისა და ამერიკის ეროვნული და საგარეო ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ბევრ ასპექტთან მიმართებაში. ამიტომ ბუნებრივია ის, რომ აშშ-ს დაპირისპირება ჰქონდეს რუსეთთან რიგ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თეატრზე. მე ვიტყოდი, რომ უფრო მოულოდნელი ის იყო, რომ ტრამპის დროს ის არაერთხელ აკეთებდა პოზიტიურ განცხადებებს რუსეთის ლიდერის მიმართ. ამის მიუხედავად ამერიკის პოლიტიკა მაინც ძნელი შესატრიალებელი აღმოჩნდა რუსეთის სასიკეთოდ ტრამპის დროსაც კი.
მაგრამ ჯო ბაიდენის მმართველობა არ შეიძლება იყოს რევოლუციური ხასიათის. ეს იქნება სრულიად საწინააღმდეგო იმის, რაც ტრამპის მმართველობის დროს იყო. აქედან გამომდინარე თუ იქნება ძვრები, ეს იქნება თანდათანობითი სახის.
მიუხედავად იმისა, რომ მისი [ბაიდენის] პრეზიდენტის ობამას დროს დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, აშშ ყოველთვის აღიარებდა, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა იყო ცუდი განვითარების მომასწავებელი, რაც შემდეგ დავინახეთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის აგრესიული და ექსპანსიური პოლიტიკა დიდ მასშტაბებში გადავიდა, მაგრამ მე ვიტყდი, რომ საქართველოსთვის თუნდაც დახმარების გაზრდა ან რაიმე დახმარება რევოლუციურ ხასიათის არ იქნება. საქართველოს მხარდაჭერა სხვა ქვეყნებთან ერთად, თორემ 4 მილიონიანი ქვეყანა ამერიკის პრიორიტეტი რომ გახდეს და ეს რომ ძნელია, ეს ცხადია. მით უმეტეს იმ პრეზიდენტის დროს, რომელიც დიდი ალბათობით ინსტიტუციების აზრის გამტარებელი იქნება, ისეთი როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტია. ძნელია რევოლუციურ გარდაქმნების მოლოდინი იყოს, მაგრამ იქნება ტრადიციული მიმართულება, სადაც რუსეთი მოწინააღმდეგეა, ხოლო საქართველო პარტნიორი, რაც წინ წამოიწევს. არ იქნება ორაზროვანი დამოკიდებულება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას პუტინი მოსწონს და სენატი კიდევ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ღებულობს”, – თქვა ბაკურ კვაშილავამ.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა. აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტი ყავს, ჯო ბაიდენი.