“როგორ დაელაპარაკებით სტუდენტებს დემოკრატიაზე, როცა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევთ”

როგორ დაელაპარაკებით სტუდენტებს დემოკრატიაზე, როცა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევთ, – იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართავს:

“ნიკა სამხარაძის ყოფილი სტუდენტების წერილი წავიკითხე და ძალიან იმოქმედა ჩემზე.

მეც ვიფიქრე, ჩემ ყოფილ ლექტორებს მივმართავ, ახლა ოცნებაში რომ არიან და მომდევნო დღეებში აგენტების კანონპროექტზე მწვანე ღილაკისთვის რომ აპირებენ ხელის დაჭერას მეთქი. არ ვარ დაწრმუნებული, აზრი თუ აქვს ამ მიმართვას, მემგონი შინაგანად ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ, მაგრამ მაინც დავწერ. სახელობითად საუბარს არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ, წაიკითხავთ ამ პოსტს, საკუთარი სტუდენტების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებას რომ აპირებთ.

მე ვერ წარმომიდგენია, აუდიტორიაში როგორ შეხვალთ და როგორ ესაუბრებით ახალგაზრდებს დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე მაშინ, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვითაც კი მათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას წაართმევთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოიპოვოთ მათი პატივისცემა, როდესაც ისინიც ერთ დღესაც შეიძლება აგენტებად გამოცხადდნენ თქვენი მიღებული კანონით, ისევე, როგორც მე და ჩემ მეგობრებს გვიპირებთ. ვერც ის მესმის, უცხოური დაფინანსებით რომ მიიღეთ განათლება და ახლა ამ ხალხს მტრულ მესიჯებს უგზავნით.

ამას გეუბნებით ის სტუდენტი, თქვენი ლექციებით შთაგონებული რომ ვიბრძოდი ამ ქვეყნის მომავლისთვის და კიდევაც ვიბრძოლებ. ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ვაკეთებთ მნიშვნელოვან არჩევანს, ეს განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში და ახლა არის ასეთი მომენტი თქვენთვის.

სწორი არჩევანის გაკეთებას გისურვებთ!”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

შეგახსსენებთ, 40-ზე მეტმა სტუდენტმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა. სტუდენტები სამხარაძეს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონპროექტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share