ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის წლისთავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი მოკავშირე ჯგუფები ევროკავშირთან მზარდი დაპირისპირებით ხვდებიან.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობა, რაც ოქტომბერში უნდა შეფასდეს, წლის დასაწყისიდან სრულად გადაფარა „გავლენის აგენტების“ საკანონმდებლო ინიციატივებმა, რასაც ევროკავშირი თავის პრინციპებთან, ფასეულობებთან და რეკომენდაციებთან შეუსაბამოს უწოდებს.
„ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაფიქრი, პირიქით, ხელს შეუწყობს 12 პუნქტის ყველაზე პრობლემური გამოწვევის- დეპოლარიზაციის შესრულებას.
2 მარტს, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ოცნების“ მოკავშირე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს. 2 მარტს, პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ამ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.
საერთშორისო პარტნიორები აქტიურად აფრთხილებენ საქართველოს, რომ ეს გზა ევროკავშირისკენ არ მიდის და რომ „გავლენის აგენტების“ “რუსული” ინიციატივების გამო, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეფერხდება.
„ისტორიული დღე“ პროტესტის ფონზე
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე შეიტანა განაცხადი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამ ნაბიჯს – „ისტორიულს“, ხოლო განაცხადს „ქართველთა მრავალი თაობის ოცნებასა“ და „ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას“ უწოდებს.
პრემიერი განვლილი ერთი წლით კმაყოფილია. 3 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადადგა „ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“ და ახლა, „საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას“.
შარშან „ოცნება“ აცხადებდა, რომ ჯობდა, გაწევრიანების განაცხადი ევროკავშირში არა „ნაჩქარევად“, არამედ გეგმის მიხედვით – 2024 წელს შეტანილიყო, როდესაც საქართველო უფრო მზად იქნებოდა ამისთვის.
განაცხადის წარდგენას წინ უსწრებდა ხალხმრავალი აქციები და ხელისუფლების ოპონენტები პროცესის დაჩქარებას სწორედ საზოგადოების ზეწოლის დამსახურებად თვლიან.
მას შემდეგ, რაც, ივნისში, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო, ბევრად უფრო წინ არის გატარებული რეფორმებით, თუმცა „საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია”.
6 ივლისს, კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“ და “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან”.
მას შემდეგ, საქართველოს ომში ჩართვის თემა, სხვადასხვა კონტექსტში, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ევროპიდან თუ ამერიკიდან, არაერთხელ აუხსნეს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის განზრახვა ბუნებაში არ არსებობს.
2023 წლის 2 მარტს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ “მიშელი კონკრეტულად არაფერ შუაში არ იყო”, მაგრამ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი, “შარლ მიშელის შეთანხმების” სახელით ცნობილი დოკუმენტი რომ შესრულებულიყო, “თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები”.
პარალელურად, შარშან ივნისიდან, ანტიდასავლური განწყობით გამორჩეული „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა, ოცნების განაყოფმა ჯგუფმა, საპარლამენტო უმრავლესობას „ოცნებასთან“ ერთად ქმნის, აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „კანდიდატის [სტატუსის მინიჭების] თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“; ხოლო ევროკომისიის მხრიდან 12-პუნქტიანი რეკომენდაციების წამოყენებამ „გაზარდა [პოლარიზაცია], გაამწვავა, აფეთქებამდე მიიყვანა ქვეყანა“; კანდიდატის სტატუსს საქართველოს „არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო, ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.
სწორედ ხალხის ძალას ეკუთვნის „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული 2 კანონპროექტი, რომელთა გატანაშიც მას ღიად და აქტიურად ეხმარება „ქართული ოცნება“
გასული ერთი წლის მანძილზე ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებული 3 მწვავე რეზოლუცია დაამტკიცა, სულ უფრო მზარდი მხარდაჭერით.
პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციას, 15 თებერვალს, 577-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ხოლო 362 მომხრე ჰყავდა შესწორებას, რომლითაც დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება, რადგან მას “პერსონალური წვლილი” მიუძღვის იმაში, რომ “საქართველოში დემოკრატია სუსტდება”. ივანიშვილი სამივე რეზოლუციაშია ნახსენები, რაც “ქართული ოცნების” წევრების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ქართული ოცნებისთვის“, მათივე განცხადებით „ჩალის“ და „ნულოვანი” ფასი აქვს.
15-16 თებერვალს, მმართველი პარტიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ევროპელი დეპუტატების მოთხოვნები საქართველოს ომში ჩართვის მიზანს ემსახურება.
2 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ „სირცხვილი“ და „ისტორიის გადაწერის მცდელობა“ უწოდა ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ შეთანხმებულ დემარშს, რომელიც 27 თებერვალს გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ის ამბობს, რომ ევროპელები დამნაშავე სააკაშვილს “იცავენ”.
„27 ქვეყნის დემარში ჰქვია და გეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილზე მეტი ზრუნვა უნდა გამოიჩინეთო… ეს ხომ ისტორიის გადაწერის მცდელობაა… ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, ყველაფერი უკან მოგვრჩება, სახელმწიფოც, სუვერენიტეტიც, ევროპაც, აბსოლუტურად ყველაფერი“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ევროპელ პოლიტიკოსებსა თუ დიპლომატებს ღიად არასოდეს უმსჯელიათ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაზე. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე, ისინი ძირითადად ლაპარაკობენ მისი ადეკვატური მკურნალობისა და ამ მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანის ჰუმანიტარულ მიზნევზე. დემარშთან კავშირში პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაზე საჯარო განცხადებები არც ელჩებს გაუკეთებიათ.
ევროკავშირში განაცხადის შეტანის ერთწლიან პერიოდში, „ქართულ ოცნებასა“ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დაძაბა და გააუარესა „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულმა ინიციატივებმა.
ევროპისკენ სვლის სადავო გზები
მაშინ, როცა თავად ევროკავშირი „გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტებს საკუთარ რეკომენდაციებთან, პრინციპებთან და ფასეულობებთან შეუსაბამოდ თვლის, ირაკლი კობახიძე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 2 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან თქვა, რომ კანონის მიღება ემსახურება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას და განსაკუთრებით – „ყველაზე პრობლემური“ პირველი რეკომენდაციის – დეპოლარიზაციის დაძლევას.
კობახიძის ლოგიკით: პრევენციული ეფექტი ექნება უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის შექმნას, რადგან „ვიღაც თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას“ და როდესაც ხალხი დაინახავს, რომელი ორგანიზაცია და რისთვის ფინანსდება, „ვიღაცეები უკვე თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან“.
„აქამდე არც ყოფილა ყველაფერზე საუბარი, აქამდე ეს თემა არც გაგვიშლია. მაგალითად იმაზე არ გვისაუბრია, რომ ვიღაც თან გთხოვს დეპოლარიზაციას, თან გიფინანსებს პოლარიზაციას… ეს თემა, რომ გამოვიდა უკვე სააშკარაოზე და ხალხმა მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია, ამასაც ექნება პრევენციული ეფექტი – ვიღაცას აღარ მოუნდება პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება და, რა თქმა უნდა, ეს უფრო სწრაფად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე ლაპარაკის პარალელურად, ის „ეკლესიის მაგინებლებად“ მოიხსენიებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ მედიის წარმომადგენლებს – ყველას, ვინც 2 მარტს, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს აპროტესტებდა და ამბობს, რომ ეს იყო „ეკლესიის მაგინებლების აქცია” და კანონმა დააფრთხო ის, „ვინც მართლა ჯაშუშია”.
ეკლესია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, წლების განმავლობაში, ერთერთი მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია.
2 მარტს საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე ქუჩაში. პოლიციამ აქციის 36 მონაწილე დააკავა, მათ შორის – ჟურნალისტები.
2 მარტს ორი კომიტეტის მღელვარე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „ეს პროცესი უთხრის ძირს საქართველოს მცდელობას, გაწევრიანდეს ევროკავშირში… რატომ ვიღებ ახლა ხმას?! რატომ და მერე რომ არ შემრცხვეს ჩემი სიჩუმის, როდესაც ეს მოიტანს ძალიან ცუდ რაღაცეებს“, – მიმართა მან „ქართული ოცნებისა“ და ხალხის ძალის წარმომადგენლებს; ხოლო 3 მარტს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციებზეც „ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დარჩა“ და ზოგადად, „ძალიან დამძიმებულია ვითარება“ განაცხადის შეტანიდან გასული ერთი წლის განმავლობაში.
„გუშინ აშკარად ჩანდა, რომ ეს ერთი გუნდია და არანაირი განსხვავება არ არის „ოცნებასა“ და ხალხის ძალას შორის. უბრალოდ როლები აქვთ გადანაწილებული… რა ლოზუნგებსაც ხალხის ძალა ახმოვანებს, მათ არა აქვთ სურვილი, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკვე ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა ამ პროცესების ფონზე“, – ამბობს გოგოლაშვილი. ის ფიქრობს, რომ სიტუაციას მხოლოდ ამ კანონპროექტების გაწვევა უშველიდა მანამდე, ვიდრე – ევროკომისია, ოქტომბერში, მორიგ ანგარიშს მოამზადებს.
რაც შეეხება დეპოლარიზაციას, გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონის დამტკიცება, პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს – ხალხის ერთმანეთზე გადაკიდების გარდა, კიდევ იმ მიზეზითაც, რომ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დარჩება უამრავი ადამიანი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ არაერთხელ განცხადა, რომ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან დაკავშირებულ, სულ ცოტა, 2 რეკომენდაციას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან; ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის „ნორმებსა და პრინციპებს“ და ეს არის „ცუდი მესიჯი, ცუდ დროს“. ელჩი იმასღა იმედოვნებს, რომ ინიციატივა საბოლოოდ არ იქცევა კანონად.
- 24 თებერვალს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ინიციატივა „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ და საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა „განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“. მანამდე, ჟოზეპ ბორელის ოფისმა, 21 თებერვალს, რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, ინიციატივას „შემაშფოთებელი“ უწოდა.
ამ ხმაურიანი დისკუსიებს ფონზე, ირაკლი კობახიძემ 2 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეს კანონი არ დამტკიცდება, არ იქნება გამჭვირვალობა და არ გაიფანტება „ბუნდოვანება“, „არც დეპოლარიზაცია იქნება და შესაბამისად, არც კანდიდატის სტატუსი არ იქნება“.
ექსპერტმა და ტელეწამყვანმა არჩილ გამზარდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ „პოლარიზაციის შესუსტებას ნამდვილად ცდილობს, მაგრამ მეორე პოლუსის გაქრობის გზით“ და კონკურენტების ველის მოსუფთავებით. „საბჭოთა კავშირში პოლარიზებული იყო პოლიტიკური გარემო?! არა, რა თქმა უნდა“, – გვეუბნება გამზარდია.
რადიო თავისუფლება