ბოლო წლებში გამართულ არც ერთ აქციაზე არ ყოფილა იმდენი ახალგაზრდა, რამდენიც 7-8 მარტს… მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, საზოგადოების ყველა ფენა, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი აღიარებს, რომ ეს იყო საოცრად ლამაზი, ჯანსაღი და ლაღი თაობის პროტესტი – თაობისა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
გია ბუღაძე, მხატვარი:
“მამათა და შვილთა ბრძოლაში მორალურად ყოველთვის შვილები იმარჯვებენ”
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:
“წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია, “კუდიანებზე ნადირობაც” მალე დაიწყებოდა”
– ზოგი ფიქრობს, რომ ეს აქციები მხოლოდ ემოციური აფეთქების შედეგი იყო, მაგრამ არა – ეს სრულიად ლოგიკური, ადეკვატური პროცესი გახლდათ. ეს იყო კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის და ჩვენი საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც რუსეთისკენ წაგვიყვანს. ამან ახალგაზრდობაც გამოაფხიზლა და როცა სიტუაციამ მოითხოვა, ისინი ყველაზე აქტიური, ყველაზე დიდი მეამბოხეები გახდნენ. მე მჯერა ამ თაობისა, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობ: ჩემი შვილიც მათი წარმომადგენელია და ყოველდღე იქ იყო. ისინი არ მოერიდნენ არც გაზს, არც წყლის ჭავლს, არც დარბევას და ეს ჩაიდინეს რაღაცნაირი სილაღით, სიმსუბუქით, კრეატიულობით. კიდევ კარგი, მათი ბედი ამერიკიდან შემოსულმა ზარმა გადაწყვიტა, თორემ ერთი ახალგაზრდაც რომ დაღუპულიყო, მეიდანზე უარესს მივიღებდით. ახალგაზრდებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ ეს არის თაობა, რომელიც თავისუფლებას არ დათმობს. მე მჯერა, რომ მათი აქტიურობა გაგრძელდება, რადგან ეს თაობა “მოდარაჯე თვალის” ფუნქციას შეასრულებს და თავის მომავალს არც ერთ ხელისუფლებას არ მოაწამლინებს.
ეს თაობა სამშობლოს გაყიდვას და ისეთი კანონების მიღებას, რომელიც პუტინის პირდაპირი დაკვეთაა, არავის აპატიებს. მართალია, გვიმტკიცებენ, რომ კანონი “აგენტების შესახებ”, ამერიკულია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში მიღებული ეს კანონი აგენტურის წინააღმდეგ იყო მიმართული, აქ კი, დააზარალებს მედიას, შშმ პირებს და საოკუპაციო ხაზთან მოქმედ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოსახლეობას იცავენ, ასაქმებენ და ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ.
წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია, მალე “კუდიანებზე ნადირობასაც” დაიწყებდნენ – ქვეყანაში ყველა კრიტიკული ადამიანის დევნა დაიწყებოდა. ახლა ამტკიცებენ, ანალოგიური კანონის მიღებას კანადაშიც აპირებენო, მაგრამ დიდი ბოდიში – სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან შორს ვართ კანადისგან. ამ კანონის შეფუთვა, რომ თითქოს ის კანადური, ამერიკული, ან ევროპულია, აღარ გამოუვათ, რადგან საზოგადოებას აქვს სრულიად ლოგიკური შეკითხვა – ლუსტრაციის კანონი რატომ არ მიიღეს ასე გამალებით? პირველ ყოვლისა, სწორედ მეხუთე კოლონა და რუსეთის აგენტურა უნდა გამოავლინონ, რადგან ისინი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება გამჭვირვალობას: საზოგადოებამ ჯერ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს კორუფციული სქემების გამომჟღავნება – როგორ არიგებენ სოლიდურ პრემიებს ან საიდან ფინანსდება მათი ვიზიტები საზღვარგარეთ… პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ბიუჯეტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, სად რა იხარჯება. ჩვენი თაობა ამ ქვეყნისთვის 30 წელია, იბრძვის, საქართველო როგორღაც აქამდე მოვიყვანეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს უკვე ჩვენი შვილები აგრძელებენ.
იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი:
“ჩემი აზრით, ასეთი საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს”
– რა თქმა უნდა, მეც მიხარია, რომ გონიერი და კარგი ახალგაზრდობა გვყავს, ამას რა ჯობია? ეს ქვეყანაც მაგათია და ჩვენი მომავალიც მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი სერიოზული საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს. მინდა, განსწავლულმა, გონიერმა სპეციალისტებმა ამიხსნან და დამანახონ, რა ჯობია და რა – არა. ხომ არ შეიძლება, ადამიანები პოლიტიკაზე ისე მსჯელობდნენ, როგორც ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონშია”? ვინმემ ხომ უნდა აუხსნას ხალხს, რა ჯობია, რას რა მოჰყვება? ახალგაზრდები სამშობლოსთვის იბრძვიან – ეს ბუნებრივია და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თუ შეცდომას დაუშვებენ, ეს უკვე უფროსი თაობის ბრალია – იმ ხალხის ბრალია, რომელსაც ევალება, რომ მათ ტყუილი და მართალი განუმარტოს, აუხსნას. მსგავსი საკითხები გამოცდილმა სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ მერე ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმა, სწორი არჩევანი გავაკეთოთ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ხომ შეიძლება არ ვიცოდე, რომელი გზაა კარგი და რომელი – ცუდი? რომ გამოდიხარ და მეუბნები: აირჩიე, ამერიკა გირჩევნია, საფრანგეთი თუ რუსეთიო, ჩემს არჩევანზეა დამოკიდებული? საფრანგეთი და ევროპა რომ ჯობია რუსეთს, ამას რა ლაპარაკი უნდა, მაგრამ გვინდა თუ არა, აქვე, მეზობლად ამხელა იმპერიაა, საქართველო უკრაინა ხომ არ არის, რომ მის დაპყრობას თვეები დასჭირდეს? აქვეა, ყურისძირში და შემოჭრის მიზეზს ყოველთვის მოძებნის, ამიტომ, დალაპარაკებას და დიალოგს ვერაფერი შეცვლის. ჩემი აზრით, ცუდი არაფერია იმაში, რომ ყველა ხარჯი გამჭვირვალე იყოს: ვიცოდეთ, რა თანხა შემოდის ქვეყანაში, სად მიდის და როგორ იხარჯება, ამავე დროს, ბიუჯეტის ხარჯებიც გამჭვირვალე უნდა იყოს, ამის წინააღმდეგი ვინ არის? თუ ნორმალური სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ, სამთავრობო ხარჯებიც გამჭვირვალე უნდა იყოს და – არასამთავრობოც.
და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარი და გადამწყვეტია: მთავრობამ ისე უნდა წარმართოს პოლიტიკური პროცესები, რომ საზოგადოება სწორ გზაზე დააყენოს და ამგვარ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს.
ბიძინა მახარაძე, მსახიობი, იუმორისტი:
“ძველი რომაელები ამბობდნენ: ემოცია გვერდზე გადავდოთ და პოლიტიკას ისე მივხედოთო”
– მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც ჭეშმარიტების ფლობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ რაც ჩვენს თავს ხდება, მგონი, ყველაფერი სპეციალურად კეთდება: “ძლიერნი ამა ქვეყნის” შეისწავლიან ერის ფსიქიკას და მერე ცდილობენ, თავიანთ ჭკუაზე მართონ და ატარონ…
ახლა რაც შეეხება წინა კვირის აქციებს – ამერიკელებს დე გოლის გადაგდება სურდათ და ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, სტუდენტობა აუბუნტეს. სწორედ სტუდენტებმა გააგდეს ეს დიდი მოღვაწე, რადგან ახალგაზრდობა საზოგადოების ის ნაწილია, რომლის ამხედრება ყველაზე იოლია. ამ ასაკში მეც ბევრი რამ ჩამიდენია, რაც ახლა მიკვირს. სტუდენტმა ჯერ არ იცის, ცხოვრება რა არის, ის ახალგაზრდა და მეოცნებეა. ამიტომ უნდა იყოს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებას და ხალხს შორის. როდესაც დიალოგი არ არის, სიტუაცია ყოველთვის იძაბება…
ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები ემოციების გარეშე უნდა შევაფასოთ, რადგან ემოციების აყოლა პოლიტიკაში არ შეიძლება. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: ემოცია გვერდზე გადავდოთ და პოლიტიკას ისე მივხედოთო, რატომ? – სადაც ემოციაა, იქ შეცდომის დაშვება უფრო ადვილია. ქართველები სამხრეთელები ვართ და ამის გამო შეცდომებსაც ხშირად ვუშვებთ. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში ერთი აზრი, ერთი იდეა არ არსებობს, ხალხი მუდმივად დაყოფილი და დაქუცმაცებულია. ვწუხვარ, მაგრამ სანამ ქართველები განსხვავებული აზრის მოსმენას და მიღებას არ შევეჩვევით, მანამ არაფერი გვეშველება და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ზიანს მოვუტანთ.
კვირის პალიტრა