„მიჭირს ახლა აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყურება“ გურულების რძალი ბუნდესტაგიდან

„ძალიან რთულია შორიდან უყურებდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ვერფერს აკეთებდე. კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ დასავლეთი ხალხის უპირობო არჩევანი და თვითმიზანია. რაც შეეხება კანონს, ამ კანონპროექტის მიღება გაართულებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ჩამოგვაშორებდა კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. შესაბამისად ფაქტია, რომ მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის და მათი მოკავშირეების ინტერესშია ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა შორიდან მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს ქვეყნის კონსტიტუციას და დასავლურ კურსს იცავს. კანონის გაწვევით დამტკიცდა, რომ ხალხს ყველაზე დიდი ძალა აქვს» ასე იწყება „გურიის მოამბეს“ საუბარი ნუცა ბიბილაშვილთან, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია გერმანიის პარლამენტში-ბუნდესტაგში-ეკონომიკის, ენერგო და კლიმატის საკითხების კომიტეტში მუშაობს.

ნუცა ერთ ერთია იმ ათასობით ქართველი ემიგრანტიდან, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს.

თუმცა მისი მიზანი, გამოცდილების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება და შემდეგ საკუთარი ცოდნით სამშობლოსათვის სარგებლის მოტანაა…

მაგრამ, ასეთი ადამიანები ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დააფიქრა… არის თუ არა უსაფრთხო იმ ქვეყანაში, თუნდაც მშობლიურში დაბრუნება, სადაც მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს მიერ ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული, ვლადიმერ პუტინის გავლენა დღითი დღე იზრდება და ის საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რაც დასავლეთთან, ცივილიზაციასთან, ლიბერალურ ღირებულებებთან და თუნდაც ელემენტარულ ჰუმანიზმთან ასოცირდება.

ნუცა ოზურგეთში მცხოვრები გოგუაძეების ოჯახის რძალია, მისი მამამთილი, მამუკა გოგუაძე გასული წლის მიწურულს, ადილობრივმა ხელისუფლებამ, მკვეთრად გამოხატული განსხვავებული აზრის გამო თანამდებობიდან დაითხოვა, ბატონი მამუკა დვაბზუს გამგებელი იყო.

ამ ოჯახისათვის პარლამენტი უცხო ხილი არ არის, მამუკას ქალიშვილი, ნინო გოგუაძე, 2016-20 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და ამჟამად ქალბატონი ნინო მაქს–პლანკის სახელობის საერთაშორისო და კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი, გერმანია) და ფოლკსვაგენის ფონდის მკვლევარია.

ნუცა ბიბილაშვილი: „პროფესიით იურისტი ვარ. პირველად, მუშაობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დავიწყე. თავიდან რთული იყო სამსახურის, სწავლის და დედობის ერთდროულად შეთავსება, თუმცა ოჯახის წევრების დახმარებით ეს სირთულე მალე გადავლახე. ბაკალავრის დასრულების შემდეგ მოვიპოვე გერმანიის მთავრობის დაფინანსება და მაგისტრატურაზე სწავლა გერმანიაში გავაგრძელე. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მივიღე გერმანიის პარლამენტის სტაჟირების პროგრამაში, რამაც შესაძლებლობა მომცა დავკვირვებოდი საკანონდებლო პროცესს იმ ქვეყანაში, რომელსაც კანონშემოქმედებისა და დემოკრატიული მმართველობის უდიდესი ტრადიცია გააჩნია. გამიმართლა, რომ დეპუტატი, ვისთანაც ვიმუშავე, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსთან, ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა.

ამჟამად ვმუშაობ ბუნდესტაგში, ეკონომიკის, ენერგო და კლიმატის საკითხების კომიტეტში და ჩართული ვარ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. მახარებს ის ფაქტი, რომ ახლა იწყება განხილვა ზუსტად იმ საკითხების, თუ როგორ უნდა გამარტივდეს სამუშაო ვიზების მიღების საკითხი“.

დღეს საქართველოში მიგრაციის დონე განსაკუთრებით მაღალია, ოფიციალური მონაცემები საზოგადოებაში ეჭვს იწვევს, არაოფიციალური მონაცემებით კი მიგრაციამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დონეს გადაასწრო და ისტორიულ რეკორდზეა.

ნუცას მეუღლე ალეკო გოგუაძე და 4 წლის ქალიშვილი ელენე, (ელენე ბავშვს ალეკოს გარდაცვლილი დის-ელენეს საპატივცემულოდ დაერქვა), თბილისში ცხოვრობენ. ალეკო საქართველოს პარლამენტში მუშაობს,(პარლამენტარ არმაზ ახვლედიანის გუნდში), თუმცა მალე შესაძლოა ის სამუშაოდ გერმანიაში მეუღლესთან გადავიდეს:

„ჩემთვის, გურია გამორჩეულად საყვარელი ადგილია ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე გურიიდანაა და მისი სიყვარული მშობლიური გარემოსადმი ჩემთვისაც გადამდებია. ასევე, გურია ჩემი ბავშობის მოგონებებთან ასოცირდება, როცა ურეკში ოჯახთან ერთად დავდიოდი დასასვენებალად. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბახმარო და მზის ჩასვლის არაამქვეყნიური სილამაზე, სადაც თითქოს დრო ჩერდება და სხვა სამყაროში გადადიხარ. უნიკალური ბუნების გარდა, გურული ხალხია, ის რის გამოც ყოველთვის მიხარია გურიაში წასვლა. მათი ხასიათი, იუმორი და ტრადიციები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მინდა, რომ ჩემმა შვილმა დიდი დრო გაატაროს იმ გარემოში, სადაც ბაბუა და ბებია ყოველთვის სიხარულით ელოდებიან“ გვეუბნება ნუცა და არ კარგავს იმედს, რომ მალე სამშობლოში დაბრუნდება, სადაც ისეთი ქვეყანა და ხელისუფლება დახვდება, რომლისთვისაც ინტელექტუალური პოტენციალი, როგორიც დასავლეთში განათლებამიღებულ და კვალიფიციურ ადამიანებს გააჩნია – პრიორიტეტული თუ არ იქნება, არც დევნის ობიექტი გახდება..

„გული მწყდება რომ ეს შანსი (ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი ) ამ ეტაპზე არ მოგვეცა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა მალე მიიღებს იმას, რისთვისაც წლებია ვშრომობთ, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მხოლოდ ევროპულ ოჯახში გაერთიანებით არის შესაძლებელი. ჩემი მომავალი ჩემს ქვეყანაში წარმომიდგენია და იმედი მაქვს მალე მოვა ის დღე, როცა ოჯახთან ერთად შევძლებ საქართველოში დაბრუნებას და როგორც ცოდნის, ასევე უკვე დაგროვებული გამოცდილების გამოყენებას“ – გვეუბნება გერმანიის ბუნდესტაგის, ეკონომიკის, ენერგო და კლიმატის საკითხების კომიტეტის თანამშრომელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share