ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზვიად გამსახურდიას მოედნის მოწყობა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მას შემდეგ კი , როცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფეისბუქ- მომხმარებელმა, კახა ჩავლეშვილმა ამ პროექტს საკუთარ გვერდზე ძველი გურული სახელწოდება “კუბოქოთანა” უწოდა, სოციალური ქსელები დამცინავმა კომენტარებმა წალეკა. “გურიის მოამბემ” დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და როგორც იქ მყოფ მოსახლეობას, ასევე სამუშაოებში მონაწილე პირებს გაესაუბრა:
ოზურგეთის მოქალაქე – გალამაზება რა თქმა უნდა მსიამოვნებს , მაგრამ ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ სილამაზეს. დასრულებული ვნახოთ რა იქნება.
ვასილ ჩხაიძე – თქვენ ამ ჩანაფიქრს ვერ მიხვდით ჩემო ბატონო, ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა გურიაში, ამის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვლენ. დარწმუნებული ვარ ასე რამ არცერთ ქვეყანაში არ იქნება. ეს არის ორიგინალური, ბრწყინვალე მოფიქრებული ინსტალაცია. უნიჭიერესია ის კაცი, ვინც ეს მოიფიქრა, მე მინდა, მას მადლობა ვუთხრა მთელი ოზურგეთის სახელით.
ნანა – მიხარია, რომ ჩარგეს მცენარეები, ძალიან კარგია, მაგრამ მე ასეთ ფორმას არ მივცემდი,ასე მაღალზე რომ დგას , ეს არ მომწონს, ყველას მისი გემოვნება აქვს. ეს ყუთები ნამდვილად არ მომწონს, რკინაა, ზედმეტად გადახურდება და ფესვები გაუხმებათ მცენარეებს.. დაბლა რომ იყოს და მცენარე ჩანდეს და ეს ყითები არა, უფრო სასიამოვნო იქნებოდა.
მოქალაქე – რას გავს ეს , კუბობეს გავს, არ მომწონს.
ესე ბერძენიშვილი – ნუ მათქმიებ სიმართლეს , სიმართლე რომ ვთქვა დამიჭირავენ. აია მოსაწონი და აია გაკეთებული? არ გრცხვენია? გაკეთებული რაც იყო მოშალენ მაგი, დაანგრიენ და გადაყარენ. აი თუ მოსაწონია და ღმერთმა გაუმარჯოთ მაგენს. გუშინ კი ეწერა კარგად – “ოცნება” კუბოები დაიდგა თეატრის წინო.
მოქალაქე – რა ვთქვა, სილამაზეა, რა უნდა მომაგონოს კუბოს გავს, კონახს , მიცვალებულს მაგონებს მეტი რა უნდა მომაგონოს.
კახა ჩავლეშვილი – მე არ მომწონს ეს , მაგრამ უფრო მეტად არ მომეწონა , როდესაც საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა მერის მხრიდან მოსახლეობის მიმართ გამოთქმულ აზრს. რაღაც უცნაურ პერიოდში შევდივართ, ნერონის ეპოქაში ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოგვეწონოს , რასაც მერია აკეთებს. ეს უკვე გაუგებარია.. ყველაზე დიდი გაუგებრობა სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გაცხადებაა, რომელიც ქალაქის მოსახელობის იმ ნაწილს, რომელსაც ეს არ მოსწონს, საკუთარი ქალაქის მოძულეობას აბრალებს. რაც შეეხება ჩემს მოწონებას, ბევრი რამე არ მომწონს, ვიზუალი, ეს არის სივრცე ქალაქში , სადაც სხვადასხვა საჯარო შეხვედრა ეწყობა, ამიტომ აქ მოედანი უფრო კარგი ექნებოდა.
სესილი თოდრაძე – აქ ყოველ დილით მიწევს გამოვიარო და განწყობას მიფუჭებს ოზურგეთის ცენტრში დადგმული კუბოები. ვთვლი , რომ ეს ქალაქში გამოჭიმული დიდი სირცხვილია.
ნინია ბურჭულაძე – ჩემი აზრით, ეს არის ქალაქის მერის პერფორმანსი – თქვენი კუბო დავდგი. რა უნდა მომწონდეს? კუბო ქალაქის ცენრში? სირცხვილია.
მოქალაქე – არ მომწონს, მთელი ბათუმი შაყირობს. ოზურგეთშიც არავის არ მოსწონს.