გაზაფხულის სემესტრი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საპროტესტო გამოსვლების პარალელურად დაიწყო. სტუდენტების ნაწილმა მარტის პირველი კვირა რუსთაველზე, პარლამენტთან გაატარა.
მას შემდეგ, რაც პროტესტის ზეწოლით “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტი ჩააგდეს, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდნენ, თუმცა დარჩნენ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში.
მართლწესრიგის ოფიცრები ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში
“ოთხშაბათს, დაახლოებით 12 საათისკენ მესმის კარზე ბრახუნი, უბრალოდ კაკუნი არა, ბრახუნი. გავაღე კარი და დამხვდა ორი პოლიციელი. ცოტა განსხვავებული ფორმები ეცვათ. მომთხოვეს ჩემი პირადი მონაცემები: სად ვსწავლობ, რაზე ვსწავლობ, რამდენი ხანია იქ ვცხოვრობ, დაბადების წელი, სად ვმუშაობ, ოჯახის სხვა წევრები სად ცხოვრობენ, სად მუშაობენ და ა.შ… ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი ძმაც, მასზეც გამომკითხეს”, – ჰყვება თინათინ ბეგაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. თინათინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მე-2 წელია, რაც ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობს.
“პირველი თავში ამ აზრმა გამიელვა, რომ ეს აუცილებლად შეიძლება იყოს დაკავშირებული აქციებთან”, – თინათინი იხსენებს, რომ თავიდან, როდესაც ინსპექტორებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ძალიან დაიბნა და აღელდა. რამდენიმე დღით ადრე ის ძმასთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. “უბრალოდ დამთხვევა არ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, როცა ერთი კვირის წინ არის აქციები, სტუდენტების უმრავლესობა ამ აქციებზეა და 5 დღეში თუ 1 კვირაში მოდის პოლიცია სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში და გაუფრთხილებლად აკეთებს აღრიცხვას, ამის შესახებ არ იცის არცერთმა სტუდენტმა და არც კორპუსის ადმინისტრატორმა”.
თინათინი ამ “აღწერას” აღიქვამს როგორც სახელმწიფოს მხრიდან შიშის დანერგვის მცდელობას. ის საერთო საცხოვრებელში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნებისმიერი სტუდენტი გადაწყვეტს წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოში არსებულ უთანასწორობას, უკვე იციან სტუდენტებმა, რომ მათ აუცილებლად პასუხს აგებინებს სახელმწიფო პოლიცია. ანუ თავისთავად სახელმწიფო პოლიცია ნერგავს შიშს, რომ ვეღარ გაბედონ შემდეგ ჯერზე გასვლა აქციაზე“.
ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი არ არის ღია უცხოებისთვის. შენობას ჰყავს დაცვა და ეზოში შესასვლელად ჩიპიანი გასაღებია საჭირო.
“მაისის სტუდენტური მოძრაობა” ამბობს, რომ გარე პირები, რომლებმაც სტუდენტებს ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს თავი, მათ პირად მონაცემებს ორი დღის განმავლობაში აგროვებდნენ. მიუხედავად სტუდენტების მხრიდან კითხვებისა, მათ არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები არც ადმინისტრაციას გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “ადგილზე მართლწესრიგის ოფიცრები წელიწადში ერთხელ დადიან ხოლმე არა მხოლოდ სტუდენტებთან, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთანაც”. თუმცა 15 და 16 მარტს უნივერსიტეტი გაფრთხილებული არ ყოფილა შსს-ს წარმომადგენლების სტუდენტებთან მისვლის შესახებ.
“სტუდენტური საცხოვრებელი სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს ისეთ სივრცედ ან მექანიზმად, სადაც მისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს ინფორმირების გარეშე შევა, ვთქვათ, პოლიცია და შეამოწმებს ყველაფერს და უბრალოდ ამგვარი არაინფორმირებული ქმედებით გააღვივებს შიშს სტუდენტებში”, – ამბობს “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი ანნა ჯაფარიძე.
სტუდენტური მოძრაობისთვის მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცეში, თუნდაც გეგმური საპოლიციო შემოწმების ნორმალიზება. ”ერთ-ერთ მედიასთან უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პანიკა არის სრულიად უსაფუძვლო და, რომ არანაირ ძალადობას ფიზიკურს და ხელების გადაგრეხვას ადგილი არ ჰქონია… თითქოს აუცილებელია, რომ იქ მომხდარიყო გარკვეული ფიზიკური გადაცდომები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ მივიჩნიოთ. ისიც საკმარისი არის, რომ საცხოვრებელში აღმოჩნდა პოლიცია ისე, რომ ამის შესახებ არც სტუდენტებმა და არც ადმინისტრაციამ არაფერი იცოდა”.
22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეისბუკზე განმარტა მართლწესრიგის ოფიცრის როლი და კომპეტენციები და ასევე მოუწოდა ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ “პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან”.
იმავე დღეს სტუდენტურმა მოძრაობამ თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია მოაწყო, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საერთო საცხოვრებელში გაუფრთხილებლად მისული პოლიცია სტუდენტების დაშინების მცდელობად აღიქვეს.
“1000-ლარიანი ახალგაზრდები” – მმართველი პარტიის ეპითეტები
ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის შემდეგ სტუდენტების პროტესტს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. “ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში… პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს”.
მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გამოხმაურებებს იხსენებს სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” წარმომადგენელი, ლაზარე ორდენიძე: “ისინი გვეძახდნენ სატანისტებს, მართულებს, მათ არ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდობაში შეიძლება არსებობდეს ძალები, რომლებიც თავიანთი სულისკვეთებით აკეთებენ რაღაცას და არ სჭირდება ამაში თანხების აღება თუ დავალებების გამცემი ზემდგომი”.
ლაზარე ორდენიძე ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს – ელიზბარ ელიზბარაშვილს პროტესტით დახვდნენ, დაიწყო მათი დისკრედიტაცია პროსახელისუფლებო არხების ეთერში. “ჩვენზე ამბობდნენ, რომ კონკრეტულ დავალებებში ვიღებდით თანხებს და ახსენეს 1000 ლარი, რაც სრული სიცრუეა”, ლაზარე ჰყვება, რომ სტუდენტური მოძრაობის წევრებს პირად ნომრებზე ურეკავდნენ, ფეისბუკზე კი ისინი ტროლების სამიზნეები გახდნენ. მუქარისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გარდა, მთავარი მესიჯი იყო, რომ მოძრაობა “ნაცმოძრაობის“ მიერ მართული ძალაა. ამ ხერხებით ცდილობდნენ მათ “გაშავებას” და სტუდენტურ გუნდში განხეთქილების შეტანას.
17 მარტს სტუდენტური მოძრაობის წევრები სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების სასამართლო პროცესებს დააკვირდება.
“გვაბრალებენ იმას, რაც რეალურად არ ყოფილა… გვაბრალებენ იმას, რომ ვართ რომელიღაც კონკრეტული პარტიის, ან ორგანიზაციის მიერ მართულები. რაც არ არის სიმართლე, სტუდენტები ვართ ყველაზე თავისუფალი ძალა“, – გვეუბნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, მარიამ იურევიჩი. ის ასევე არის ორგანიზაციის “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” თანადამფუძნებელი.
ეს ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს, თავდაპირველად, ზაფხულში გამართული “წინ ევროპისკენ” აქციების შემდეგ მოძრაობად ჩამოყალიბდა.
ლაშა ქვლივიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და ასევე თანადამფუძნებელია ორგანიზაციისა “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”.
ის ფიქრობს, რომ ყველაზე მძიმე დარტყმა სტუდენტობამ და ახალგაზრდობამ მიიღო მაშინ, როდესაც აქციის შემდეგ ხელისუფლებამ “გაშავების” კამპანია დაიწყო.
უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს უნივერსიტეტი აღმოჩნდა. ორგანიზაციის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი – ჟორჟ ჟამერაშვილი სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლობს. იგი ამბობს, რომ პროპაგანდა ყოველთვის ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის შექმნას – თითქოს, ვინც საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს, ნაციონალია, აქციების შემდეგ კი ეს გზავნილი უფრო გაღვივდა. “ორგანიზაციის ფეისბუქგვერდსაც რომ გადახედოთ, ნათელია, რომ არცერთი პოლიტიკური მხარის, არცერთი პოლიტიკური პარტიის დაქვემდებარებაში არ ვართ… არა გვაქვს არანაირი დაფინანსებაც, ბოლო პერიოდში დავიწყეთ ფანდრაიზინგი”.
“მაისის სტუდენტური მოძრაობა” პასუხს ელოდება როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე შსს-დან და მანამდე აქციას აანონსებს “უნივერსიტეტის ღირსებისთვის – პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ”. სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” წევრები ყოველდღე, ორ საათზე იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, მათი მოთხოვნა კანონპროექტებზე ხელმომწერი, ასევე პრორუსი ლექტორების დათხოვნაა. ორგანიზაცია “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” კი აგრძელებს შესაბამისი კამპანიების დაგეგმვას, რაც ხელმშემწყობი იქნება ქვეყნის პერსპექტივისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
რადიო თავისუფლება