შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა, მოგიწოდებთ, დაიბრუნოთ რეფორმების ტემპი – კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ალიანსი შეშფოთებულია საქართველოში რეფორმების ტემპით, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის შემთხვევაში.

კოლომინას თქმით, ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია.

დღეს NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობდა.

ალიანსის წარმომადგენლის თქმით, მათ დარჩიაშვილს მოუწოდეს, საქართველომ გააუმჯობესოს რეფორმების როგორც ხარისხი, ისე ტემპი.

„დღეს ისევ მოვუწოდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს რეფორმების გატარების ტემპი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა, ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია და უსაფრთხოების სექტორი. არის სხვა რეფორმებიც, რომლებიც ნახსენები იყო რეკომენდაციებს შორის. ჩვენ ვრჩებით შეშფოთებული. გვესმის, რომ არის სირთულეები, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია გააუმჯობესოს მათი შესრულების როგორც ხარისხი, ასევე ტემპი“ – განაცხადა კოლომინამ.

მისი თქმით, დღეს შეხვედრისას მინისტრ დარჩიაშვილს უთხრეს, რომ  “გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რჩევები”.

მისი თქმით, NATO საქართველოსთან  პოლიტიკურ დიალოგს ინარჩუნებს და “მხარს უჭერს და მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს რეფორმები”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share