სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას:
“ყოველდღიურად თუ არა, ჩემი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ყოველდღიურად ნამდვილად, ყველა მხრიდან რაც შემიძლია კონტაქტში ვიყო და არ დავასახელებ პირებს, ვარ ძალიან ჩართული ამაში, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.” ამბობს ზურაბიშვილი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამ თემის ირგვლივ, არსებობს ორი საკითხი – სამართლიანობის განცდა და ადამიანურობა
“აქ არის ორი საკითხი, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია – ერთი არის სამართლიანობის განცდა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელსაც ვერ გადააბიჯებს ვერც ერთი პრეზიდენტი და მეორე არის ადამინურობის საკითხი და პატივისცემა ყოფილი პრეზიდენტის.
მე არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არსებობს რაღაც გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს მოძებნილი” ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, პოლონეთის გარდა სხვა ქვეყნებიც არიან მზად მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ და ექიმები გამოგზავნონ, რაც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის თქმა გაუჭირდება:
“როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ძალიან გამიჭირდება, თუმცა შეიძლება მე არავინ მკითხოს, რომ ვთქვა,რომ უცხოეთში აუცილებელია მისი გაყვანა იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი იძახი, რომ ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს სამედიცინო და დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არის არასანდო. ამიტომ, მე მგონია, რომ უფრო ადგილზე უნდა იყოს მონახული რაღაც გამოსავალი და არსებობს პროცედურები, დეტალებში არ შევალ, ეს ხელისუფლების ხელშია და მე მგონი, იმათაც უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის რეპუტაცია ჩვენი ყველას დასაცავია” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.