ადგილობრივი ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, მოუწოდებს, რომ ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი და ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში ცვლილებები შეიტანოს.
ამის შესახებ განცხადება, მჟავანაძემ, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც ამ დღეებში გაიმართა:
“მივმართავ მერს, სასწრაფოდ შეიტანოს ცვლილებები ამ პროექტში და ეს გაუგებარი კონსტრუქციები ქალაქს მოაშოროს. მარტო განცხადებები, ცვლილებების შესაძლოობაზე არ კმარა, მერიამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროექტში ცვლილებების შესახებ” – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.
“საოცარია რომ თალაკვაძე ჩვენ გვიწოდებს “ოზურგეთმოძულეებს” იმ ფონზე, როცა ოზურგეთის ცენტრში კაცმა “კუბოები” დადგა. ამ სიმახინჯის გატანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემხვევაში საზოგადოება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს” – დასძინა მჟავანაძემ.