კეზერაშვილის განცხადებები შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. მან პრაქტიკულად თქვა, რომ აფინანსებს ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს არ აქვთ დეკლარირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ იმაზე, რაც კეზერაშვილმა ისაუბრა, განმარტებები უნდა გააკეთოს.
„პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებაზე, რომელზეც მან გუშინ საჯაროდ ისაუბრა, არაფერია მოცემული ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში, ამიტომ ოპოზიციური პარტიები ვალდებულნი არიან საჯაროდ გასცენ პასუხი იმ განცხადებებს, რაც კეზერაშვილმა გააკეთა მედიის საშუალებით. მან პრაქტიკულად თქვა, რომ აფინანსებს ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს არ აქვთ დეკლარირებული. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება და არღვევს კანონით დადგენილ წესებს, რაც „პარტიების დაფინანსების და საქმიანობის“ შესახებ არსებობს. რაც შეეხება მის სხვა განცხადებებს, მან საზოგადოებას უთხრა, მილიარდერი გავხდი კანონიერადო (მაშინ, როცა) თავდაცვის ბიუჯეტიდან მოპარული აქვს ფული, პოლიტიკურ პარტიებს და მედიას უკანონოდ აფინანსებს, მისი ფულის და ფინანსების წარმომავლობა ბუნდოვანია, სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ბიუჯეტის ძარცვას ჰქონდა ადგილი. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაყარა თვალებში ნაცარი და უთხრა, რომ გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს კეთილშობილი ინტერესები აქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია დააფინანსოს. ვინ დაიჯერებს ამას?! ეს არის სიცრუე. ყველაფერი დევს ხელს გულზე და ახლა უკვე დროა, რაზეც მან ილაპარაკა, მოვისმინოთ ამაზე ოპოზიციური პარტიების განმარტებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.