“რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია” – ასე უპასუხა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში დასმულ შეკითხვას, “უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილედ დაინიშნა”.
ელისაშვილის თქმით, ნათია ჯულაყიძე აბსოლუტურად დამოუკიდებელია.
“ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია.
რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი.
დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი“, – თქვა ელისაშვილმა.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა. ფორმულას ეს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს. თავად ჯულაყიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ომბუდსმენის კრიტიკას არ მოერიდება.
ომბუდსმენის მოადგილე, ასევე, იქნება ელენე ღუდუშაური, ხოლო სახალხო დამცველის პირველი მოადგილის და აპარატის უფროსის პოზიციაზე კვლავ თამარ გვარამაძე რჩება.
ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.