საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამ 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდია რომ ცოცხალი ყოფილიყო, სულ სხვანაირი საქართველო გვექნებოდა.
– ყველა საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს. ნამდვილად დიდი დღეა, ამ დღეს, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ის გამარჯვება, რაც 9 აპრილის ღამეს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიპოვა, სწორედ 1991 წლის 31 მარტს გაფორმდა. 9 აპრილი კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნებასთან ერთად ქართული სახელმწიფოს მატრიცის შექმნა იყო. ზვიად გამსახურდიას მთელი მოღვაწეობა, განსაკუთრებით 28 ოქტომბრიდან მოყოლებული ბოლომდე, ამ მატრიცის შექმნაა, რომელიც დღესაც ძალაშია. ქართული სახელმწიფო ავად თუ კარგად ფეხზე დგას თავისი მნიშვნელოვანი მიღწევებით და ეს სწორედ იმ პერიოდში გადადგმულ სწორ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებსა და იმ მართებულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც მაშინ გადაიდგა ურყევი თანამიმდევრული ნებით, გადაიდგა სამშობლოს სიყვარულით, წარსულის პატივისცემითა და მომავლის იმედით.
– როგორი მამა იყო ბატონი ზვიადი?
– ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი. თვალყურს ადევნებდა ჩვენს ფორმირებას ადამიანებად და მასში შეძლებისდაგვარად ერეოდა. მან გვასწავლა პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომა.
– თქვენს ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით მამის დაბადების დღეს?
– ასეთი ტრადიცია იყო – მისი მეგობრები მოდიოდნენ. უპირველეს ყოვლისა, მერაბ კოსტავა და ის ბიჭები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ეროვნულ პატრიოტულ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციაში, რომელიც “გორგასლიანის” სახელით არის ცნობილი, რომლებმაც გაქანებული სტალინიზმის პერიოდში გაბედეს და მოუწოდებდნენ ადამიანებს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. მათ გამოაფხიზლეს ადამიანები, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს ამის გაგონება არც სურდა. არ შეეძლოთ ამის გაგება… მერე “გორგასლიანი” აღარ არსებობდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა. ეს იყო კარგი ქართული ნადიმი, ხალასი იუმორის, საინტერესო მსჯელობების, შინაარსიანი სადღეგრძელოების დღე. სუფრაზე შესანიშნავად მღეროდნენ ზვიადი და მერაბი. ისინი ჩინებული მომღერლები იყვნენ. ისმოდა მრავალხმიანი ქართული სიმღერები და საგალობლები… მერე დაბადების დღეების აღნიშვნის დროც აღარ იყო. 1989 წლის 9 აპრილის წინ, 31 მარტს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პირველად საჯაროდ აღინიშნა მისი დაბადების დღე. სადაც სეფესიტყვა წარმოთქვა მერაბ კოსტავამ. მაშინ მან ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა შეაფასა. პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა ეს იყო ეროვნული მოძრაობის ბიოგრაფიაც, დიდწილად ემთხვეოდა. ამის შემდეგ 1991 წლის 31 მარტს გაიმართა ნადიმი, სადაც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის სრული შემადგენლობა იყო…
– რეფერენდუმის დღე თუ გახსოვთ?
– როდესაც რეფერენდუმი გამოცხადდა, ზვიად გამსახურდია იმ დღეს ნაკლებად ემოციური იყო, უხაროდა, მაგრამ ყველას მაინც გვაფრთხილებდა და ამბობდა, ბრძოლა ახლა იწყება, ყველაზე საშინელი მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, რადგან მტერი საქართველოს დამოუკიდებლობას არ შეეგუებაო. რუსთაველის ციტირებაც კი მოახდინა მაშინ თავის გამოსვლაში – სადაც ქრისტიან ბრძენზე საუბრობს რუსთაველი, რომელსაც ქონება სხვაგან აქვს, სხვაგან არის თვითონ და სხვაგან სძინავს… თითქოს გვამზადებდა ამ დიდი ბრძოლისთვის. ზვიადის და მერაბის პოზიცია ასეთი იყო – ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოს მოვესწრებით, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დამოუკიდებლობა წაგვართვანო.
– რეფერენდუმის შემდეგ როგორ აღნიშნავდა 31 მარტს?
– სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ წელს მოუწია მშვიდ ვითარებაში ამ დღის აღნიშვნამ თავის კაბინეტში. შემდეგ იყო დევნილობაში. მას მერე მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, გროზნოში იყო და, ცხადია, ალბათ, ცრემლით აღნიშნავდა. 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ეს დღე ცრემლიანი დღე გახდა მისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაამხეს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო წარსულში გადაისროლეს, რამდენიმე ათეული წლით დააბრკოლეს. ფაქტობრივად, 31 მარტისა და 9 აპრილის განეიტრალებაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამის უკან იდგა რუსეთის იმპერია, რუსეთის იმპერიის გენშტაბი და ის ორგანოები, რომელთაც არ შეიძლება საქართველოსთვის სიკეთე სურდეთ…
– მამის გარდაცვალების შემდგომ თქვენ როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?
– მას შემდეგ ეს დღე გაიგივებულია რეფერენდუმთან და ვულოცავ ამ დღეს ყველა ქართველს. ქართველ ხალხს ყოველთვის უხაროდა ამ დღის აღნიშვნა. იყო ცეკვა-თამაში. ამ დღეს თბილისის ქუჩებში ადამიანები დიდი იმედებით აღვსილი გამოდიოდნენ. ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუხტი. საოცრებაა, რომ უამრავი ჩვენი მოქალაქე, აბსოლუტური უმრავლესობა, დააკავშირა ერთმანეთს ერთი იდეითა და იმედებით… ცხადია, ეს არ შეგვარჩინეს მაშინ, იანვრის სამხედრო კრიმინალური გადატრიალებით… თუმცა მე მჯერა, რომ ისინი საქართველოს ვერ დამარცხებენ.
წელს ბერლინში, საქართველოს საელჩოში აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩემი უფროსი ვაჟი, დემეტრე შეასრულებს თავის კომპოზიციას. შვეიცარიაში ემიგრაციაში ყოფნის დროსაც ყოველთვის აღვნიშნავდით ამ დღეს. ვმღეროდით საგალობლებს ემიგრაციაში მყოფნი და ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ჩემი შვილები. იმ წლებში ეს დღე საქართველოში ხშირად მიტინგით აღინიშნებოდა. 2000 წლამდე მიტინგებს არბევდნენ, მერე ნაკლებად, რადგან საქართველოს ოფიციოზმა შეცვალა პოზიცია – 1999-2000 წლებიდან უკვე ისინი ალაპარაკდნენ ამ დღის მნიშვნელობაზე და გამსახურდიას მოღვაწეობაც განსხვავებულად შეაფასეს.
– წელს ბატონი ზვიადი 84 წლის გახდებოდა. თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ამ ასაკში, რას შეცვლიდა ქვეყნის ისტორიაში?
– ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ სხვაგვარი საქართველო გვექნებოდა. ჩვენ გვექნებოდა სულ სხვა პოლიტიკური სისტემა, მოწესრიგებული ეკონომიკა და რაც მთავარია, არ დაუშვებდა ასეთ ემიგრაციას. ყოველ შემთხვევაში, ამას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებოდა. შექმნიდა მექანიზმებს, რომ ემიგრაცია მინიმუმამდე დასულიყო.
წყარო: „კვირის პალიტრა“