ჯაპანა-ლანჩხუთის მაგისტრალი გაურკვეველი დროით ჩაიკეტა

სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტროტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა.

მას შემდეგ მაგისტრალი რამდენჯერმე დაიკეტა. როგორც აღმოჩნდა, დროებითი სარემონტო სამუშაოების გამო, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ისევ ჩაკეტილია. ავტობანზე, რომელზეც მილიონები დაიხარჯა, ხიდი დაიბზარა და ბეტონის საფარიც აიყარა.

როგორც ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებს, აღნიშნულ მონაკვეთს პრობლემა არაერთხელ შეექმნა და დღესაც ეს მონაკვეთი გაურკვეველი მიზეზების გამოა დაკეტილი:

“აღნიშნული მონაკვეთი პრობლემური იყო თავიდანვე, ხიდები დაჯდა, ვინაიდან თავის დროზე სამუშაოები არასწორად წარიმართა და ძალიან დიდი ფული იშოვა ინფრასტრუქტურის ყველა მინისტრმა” – აცხადებს ასკურავა.

ჯაპანა-ლანჩხუთის მაგისტრალი დაახლოებით ხუთი დღეა დაკეტილია, უცნობია,  როდის იგეგმება ჩაკეტილი მონაკვეთის გახსნა: “არანაირი ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როდის აღდგება მოძრაობა ავტომაგისტრალზე , არ არსებობს, ავტომაგისტრალი გაურკვეველი დროით არის ჩაკეტილი”.

აღსანიშნავია, რომ აღდგომის პერიოდში მოძრაობა  განსაკუთრებით გადატვირთულია, ხოლო მაგისტრალის ჩაკეტვა უფრო ართულებს მოძრაობას. ჩვენთან საუბარში კახა ასკურავა აცხადებს, რომ თუ მაგისტრალი პატარა მიზეზის გამოა ჩაკეტილი , საქმე ძალიან დიდ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს. თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიზეზი უფრო ფართო და სერიოზულია.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share