საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) ხელმძღვანელი 2023 წლისთვის, თხილის ბევრად უკეთეს მოსავალს პროგნოზირებს, ვიდრე ეს შარშან იყო. თუმცა, როგორც მერაბ ჭითანავა EastFruit-თან საუბრისას ამბობს, ყველაფერი მაინც თხილის აქტიურ მწარმოებლებზეა დამოკიდებული.
“მომავალ სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს. ჩვენი აგრონომების პროგნოზით, თხილის ბაღებმა ზამთარს კარგად გაუძლო, თითქმის ყველა რეგიონში კარგი ყვავილობის ეტაპი იყო. პოზიტიური განვითარება გრძელდება და 2023 წელს, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, თხილის ბევრად უკეთეს მოსავალს ველით“,- განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, ფერმერები პასუხისმგებლობით მოეკიდონ მთელ ციკლს, დაწყებული ბაღების ქიმიური დამუშავებით (მავნებლებისა და დაავადებებისგან მცენარეების დაცვის მიზნით), დამთავრებული თხილის მოსავლის აღებითა და შენახვით.
როგორც მერაბ ჭითანავა ამბობს, დროა ფერმერები მიხვდნენ, რომ მოუწესრიგებელი ბაღი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას მოვლილს.
„შარშან იყო ძალიან ცუდი მოსავალი როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მოსავალი 40 ათას ტონაზე ნაკლები იყო, ხოლო საქართველოში თხილის საშუალო მოსავალი დაახლოებით 55 ათას ტონას შეადგენს. დღეს ქვეყანაში თხილის მოცულობა თითქმის ამოწურულია და გასაყიდი პროდუქციაც აღარ არის, ეს მაშინ, როცა ერთი წლით ადრე, ამ პერიოდში, ბაზარზე მოსავლის 20%-25% მაინც სარეალიზაციოდ რჩებოდა“,- აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.
ასოციაციის შეფასებით, ქვეყანაში თხილის ბაღების საერთო ფართობი დაახლოებით 70 000 ჰექტარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ თხილის მოსავლიანობა შარშან 1 ჰა-ზე დაახლოებით 500 კგ იყო, მაშინ როცა, საშუალოდ, 700-800 კგ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ფერმერებმა ნაკლები შემოსავალი მიიღეს.
როგორც მერაბ ჭითანავა ამბობს, თუ ფერმერები აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და განახორციელებენ ყველა საჭირო სამუშაოს, მათ ბაღებში მოსავალი ორ სეზონში ჰექტარზე 1,5-2 ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში თხილის მოსავალი100 000 ტონას გადააჭარბებს.