“სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე… “ნაცმოძრაობას” არ შევაქმნევინებთ კომისიას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა და პარლამენტში, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის ჩაგდებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის, რეგლამენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შექმნას საგამოძიებო კომისია, რადგან ეს საკითხი “აბსოლუტური თავხედობაა”.
“სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, რაც შეიძლება მარგინალიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ გამოსდით. როგორც ფაქტებით, ასევე აღქმებით, ანუ, ყველა კვლევით სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ არ აწუხებთ ის ამბავი, რომ ქართველი მოსამართლე, ვინც არ უნდა იყოს, არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვა, მნიშვნელობა აქვს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტო და ის მუშაობს ძალიან კარგად.
ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობამ” ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტური თავხედობაა მათი მხრიდან. “ნაცები” სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში. ყველანაირი კანონიერი, მორალურად სწორი და გამართული ნორმის დაცვით ჩვენ მათ არ შევაქმნევინებთ კომისიას და ეს “მათ” – არის “ნაცმოძრაობა” – თქვა მდინარაძემ.