“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური ანეკდოტია, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს თავისუფლებისთვის იბრძვის.
მისივე მტკიცებით, მმართველი პარტია რადიკალური ოპოზიციის ნაწილს, კერზოდ კი ენმ-ს, არ მისცემს საშუალებას, ძირი გამოუთხაროს სასამართლოსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
“თავისთავად, პროცესი, რომელიც მათ ჩაიფიქრეს, არის დამაზიანებელი ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თვეების განმავლობაში კომისიამ უნდა იმუშაოს, ისინი შექმნიან აღქმას, ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩრდილი მიაყენონ და მოახდინონ სასამართლოს დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსთან. საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეებს ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მათი მიზანი ყველა წინა ეტაპზე იყო, დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მათ აირჩიეს თემა, რომლითაც ახლა შეეძლოთ, ზიანი მიეყენებინათ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის. თავისთავად პოლიტიკური ანეკდოტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რაიმე ფორმით იბრძვის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში.