გადავდივართ აქტიურ კონსულტაციებზე-ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

დღეს, 20 აპრილს, “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა” ათონელის რეზიდენციასთან განცხადებას გააკეთებს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ფართოვდება მათი აქტიურობის სივრცე.

მათი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე უარის თქმით, პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში გაცხადებულ პროდასავლურ კურსს გადაუხვია და ქვეყანა ევროპულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით დააშორა.

“საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არც ერთი ამ ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვას არ აპირებს და პრეზიდენტი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა გამონაკლისი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სხვანაირი ხასიათის აქტიურობაც გვმართებს ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სივრცის მოცვა, მეტ სუბიექტთან დაკავშირება. ვგეგმავთ გავაფართოვოთ აქტიურობის სივრცე, ბრიფინგი ამ საკითხს შეეხება”, – თქვა გედევან ფოფხაძემ.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა” გადადის აქტიურ კონსულტაციებზე არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან.

“დღეიდან პასუხისმგებლობას, მათ შორის ნიკას პატიმრობაზე, ვაკისრებთ სრულად პრეზიდენტს. ბოლო პერიოდის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი კურსი არის პროდასავლური და ეცდებოდა ქვეყანას აუცილებლად მიეღო კანდიდატის სტატუსი, მისი ქმედებით გააკეთა აბსოლუტურად საპირისპირო”, – თქვა ბაჩანა შენგელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share