ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ, ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ. თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ამაზე მსჯელობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „ქრონიკაში” განაცხადა.
„დავუშვათ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და რა უნდა მოხდეს?! პოლიტიკოსებმა უნდა დაიბარონ პარლამენტში მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია: ანგარიშს ნუ მოსთხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსამართლეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან ჩვენ უნდა ვიყოთ სრული პატივისცემის რეჟიმში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასამართლოს.
როდესაც პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცევა სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაშინ უნდა შევახსენო ყველას, რომ რატომ იქმნება იუსტიციის საბჭო კონსტიტუციის მიხედვით”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.