“მზად ვართ…..მოსამართლეების დასანქცირებაზე მოვისმინოთ მტკიცებულებები”…

საქართველოს დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და ამ მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართველი მოსამართლეების აშშ-ის მხრიდან დასანქცირებაზე კომენტარისას განაცხადა.

 

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ეს ერთი. ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში საუკუნეების მანძილზე ჩადებულია ძალიან ბევრი თაობის, ძალიან ბევრი ადამიანის, ქალისა თუ კაცის, სხვადასხვა ასაკის გოგოსა თუ ბიჭის ბევრი სისხლი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და უნდა ვუფრთხილდებოდეთ კიდე უკეთესად. აი, ამ მოფრთხილების მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე. თორემ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, მზად ვართ, მოვისმინოთ მტკიცებულებები, განვიხილოთ ერთად და ვიმსჯელოთ მათ გარშემო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ზოგიერთი დესტრუქციაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ პოლიტიკოსის მიერ, მჩხიბავობის შედეგად მოპოვებულ სხვადასხვა ინფორმაციასთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც დასანანია. რადგან ჩვენს პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს და მასთან ურთიერთობას ზუსტად ისე ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ სისხლით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share