მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნები – რეიტინგი

ქვეყნის წარმატების გაზომვა ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ საზომებს შორის ეკონომისტები უპირატესობას მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას ანიჭებენ. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებას ასახავს. ამგვარად, ეს მაჩვენებელი ზოგადიცაა, რადგან ის ქვეყანას და იქ არსებულ სექტორებს მთლიანად უყურებს. ამასთან, მშპ ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელიცაა.

მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ჯამური მთლიანი შიდა პროდუქტი $96 ტრილიონს აჭარბებს და ეს რიცხვი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ფაქტობრივად, მუდმივად იზრდება. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცხადია, არსებობს გამონაკლისები.

1960 წლის შემდეგ, როცა მსოფლიო ბანკმა ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ ექვსჯერ შემცირდა. ყველაზე დიდი კლება 2014-2015 წლებში დაფიქსირდა, რაც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გლობალურ სანავთობო კრიზისს უკავშირდება. 2014 წლის შუა თვეებიდან ადრეულ 2016 წლამდე, ნავთობის ფასი 70%-ით შემცირდა, რაც ორი ფაქტორითაა შემაშფოთებელი: გარდა იმისა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლება იყო, ის რეკორდულად დიდხანს გაგრძელდა. გლობალური მშპ-ის რიგით მეორე ყველაზე დიდი კლება 2008-2009 წლებში, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა – იმ დროს, მსოფლიოს ეკონომიკა $3.3 ტრილიონით შემცირდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, ანუ 2019-2020 წლებში, გლობალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა $2.53 ტრილიონით იკლო.

გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ექვსივე შემთხვევის კლასიფიკაცია შემდეგნაირად შეიძლება:

1981-82: -$120 მლრდ

 

1996-97: -$110 მლრდ

 

2000-01: -$220 მლრდ

 

2008-09: -$3.32 ტრლნ

 

2014-15: -$4.54 ტრლნ

 

2019-20: -$2.53 ტრლნ

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ წლების გასვლასთან ერთად, გლობალური კრიზისების მასშტაბი იზრდება, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ნომინალურ დოლარებში, რაც, ცხადია, გლობალიზაციით და სახელმწიფოების ერთმანეთზე გაზრდილი დამოკიდებულებით აიხსნება. თუ გასული საუკუნის 80-იან წლებში, სახელმწიფოები შედარებით იზოლირებულად არსებობდნენ, დღეს, ქვეყნებს შორის ბარიერები, ფაქტობრივად აღარ არსებობს. სახელმწიფოთა ამგვარ მოწყობას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს: ბარაქიან დროს, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, არასახარბიელო დროს კი, ის უფრო სწრაფად იკლებს.

რეგიონების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აკვატორია ლიდერობს – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ რეგიონის ჯამური მშპ თითქმის $31 ტრილიონის ტოლია, რასაც, ცხადია, ამ რეგიონში ჩინეთისა და კორეის ყოფნა განაპირობებს. რეგიონებს შორის მეორე ადგილს, $25.3-ტრილიონიანი მაჩვენებლით, ჩრდილოეთ ამერიკა იკავებს, სადაც აშშ-სა და კანადას ვხვდებით. რეიტინგში მესამე ადგილას ევროპა და ცენტრალური აზიაა, რასაც, ცხადია, უმეტესწილად ევროკავშირის ეკონომიკა განაპირობებს. რეგიონებს შორის ყველაზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი, ცხადია, კუნძულოვანი სახელმწიფოებისგან შემდგარ რეგიონებში ფიქსირდება.

მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, პლანეტის ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ვხვდებით. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ჩამონათვალი ამ ორი ქვეყნით არ ამოიწურება, რადგან $1-ტრილიონიან მაჩვენებელს, ჯამში, ჩვიდმეტი სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტი აჭარბებს. საერთო ჯამში, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

აშშ – $23.3 ტრლნ

 

ჩინეთი – $17.7 ტრლნ

 

იაპონია – $4.9 ტრლნ

 

გერმანია – $4.3 ტრლნ

 

ინდოეთი – $3.2 ტრლნ

 

გაერთიანებული სამეფო – $3.1 ტრლნ

 

საფრანგეთი – $3 ტრლნ

 

იტალია – $2.1 ტრლნ

 

კანადა – $2 ტრლნ

 

სამხრეთ კორეა – $1.8 ტრლნ

მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან ერთად, ცხადია, განსაკუთრებით საინტერესოა მეორე მხარის დანახვა, ანუ იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ამ სიაში, წყნარი ოკეანის აკვატორიაში მდებარე მცირე ზომის კუნძულოვან სახელმწიფოებს ვხვდებით, რაც ამ სახელმწიფოთა ძალიან მცირე ზომით, ყველაფრისგან დაშორებული გეოგრაფიული მდგომარეობით და მწირი მოსახლეობით აიხსნება. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხუთეული, შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ტუვალუ – $63 მლნ

 

ნაურუ – $133.2 მლნ

 

კირიბატი – $207 მლნ

 

პალაუ – $217 მლნ

 

მარშალის კუნძულები – $259.5 მლნ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ჩამოთვლის შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, თუ სად არის საქართველო? მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი $18.6 მილიარდს აჭარბებს, რაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის მას მეოთხე ადგილზე აყენებს, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. სომხეთის ეკონომიკას მსოფლიო ბანკი $13.9 მილიარდად აფასებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share