საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედის” ვიდეოკამერებიდან იმ კადრების ამოღებას ითხოვს, სადაც, მისი თქმით, ჩანს, როგორ დაკარგა გონება და რკინის მაგიდას დაარტყა თავი. ამის შესახებ მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხეიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედპერსონალი სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ ცნობას არ ადასტურებს. ასევე, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.
სააკაშვილმა ახალ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუშინ, 3 მაისს, გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. მისი თქმით, ეს 13-დან 14 საათის შუალედში მოხდა და ვიდეოკამერებზეც არის დაფიქსირებული:
“ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი, ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ, 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული”, — ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
ამასთან, მისი თქმით, კუნთების ატროფიისა და სხვა მიზეზების გამო აუტანელ ტკივილებს განიცდის, რის გამოც გუშინ კლინიკაში საჭირო გახდა ტკივილის ცენტრის სპეციალისტის სასწრაფოდ გამოძახება.
კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნას გეგმავს ექსპრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც.