როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, პრემიერ – მინისტრის დღევანდელი განცხადებები რუსულ ღირებულებებს ეფუძნება.
“ორბანი იმავე ღირებულებებისაა, რაც რუსეთი და ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც გააჟღერა, ესეც რუსულ ღირებულებებს ეფუძნება – ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. რას უმკლავდება საქართველო გაუგებარია, პირიქით კი არ უმკლავდება ერთ გუნდში მღერიან. ამ შემთხვევაში სამ ხმაში მღერის საქართველო, რუსეთი და ორბანი. ორბანის შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს რამის გამკლავება არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი, რომ მშობელი ერთი, მშობელი ორი. მიკვირს ორბანმა ისე რატომ შეაფასა, თითქოს რაღაცა განსხვავებულია დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, პოლიტოლოგმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” სტრატეგიაა არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, „ამიტომ მას არაფერი ეშლება”.
ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო და ეს იყო შეტყობინება, რომ „თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ”.
„ფეხბურთის კორუფციას ვეძახი: ფეხბურთელები გამოდიან, თამაშობენ, მაგრამ მატჩი გაყიდულია და მათ ბურთი არ უნდა გაიტანონ, მოწინააღმდეგეს უნდა გაატანინონ ბურთი. „ქართული ოცნება” ვითომ ევროპულ თამაშს თამაშობს: ბრიუსელში ჩადიან, საუბრობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
ჩემი აზრით, უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ ევროპამ თქვას: „ერთი ორბანი არ გვეყოფოდა, ახლა მეორე ორბანი გვემატება?!” ეს იყო შეტყობინება, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ. ეს იყო კარგი შეტყობინება, როგორც 30 აპრილის აქცია. არცერთი ევროპული დროშა არ იყო და იყო კონსერვატორულ, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული გამოსვლები – „ჩვენ თუ მოვდივართ, ასეთები მოვდივართ!” , – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, საქართველოში ომის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ეს არის „ბლეფი” და ამ „ბლეფს” ხელისუფლება საზოგადოებაში „კარგად ყიდის”.
„ომის საფრთხე იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ საქართველოს ხელისუფლება მობილიზაციას გამოაცხადებს და ჯარს მიიყვანს ცხინვალის და სოხუმის მიმართულებით. სხვა ფორმით, რატომ უნდა მოხდეს ომი, არავინ ამბობს. ეს არის კარგად მოგონილი ლეგენდა. რაც უფრო აბსურდულია მოსაზრება, მით უფრო დამაჯერებელია – ასეა ნათქვამი. კარგად იყიდება აბსურდული თემები”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.