საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში – როგორია წინასწარი მონაცემები

თურქეთში მიმდინარე არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52,4%-ით ლიდერობს, მის ოპონენტ ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 41,7% აქვს. როგორც ცნობილია, ეს მონაცემები ამომრჩეველთა ხმის 44%-ზე მეტს ეყრდნობა.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს დამოუკიდებელი სააგენტო Anka, რომელიც უფრო პრო-ოპოზიციურად მიიჩნევა. Anka-ს ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქილიჩდაროღლუ ლიდერობს და მას 47,4% აქვს, ერდოღანს კი 46,8%. სააგენტო წერს, რომ დათვლილია ხმების 31.3%.

ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share