გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერეკლე რომ წამოახედა…

“როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გზას” – ასე შეგვიქო “თავდაჯერებულობა” ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღეს. ამჯერად გაგვიმართლა, რადგან ბელარუსის ლიდერის მოლოცვით გადავრჩით და ჩვენი ქება-დიდებისთვის პუტინს და ლავროვს თავი რომ დავანებოთ, სიმონიანმაც კი ვერ მოიცალა.

აი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რაც შეეხება, მათ სურვილებში აშკარად ნაკლები იყო ქება და მიღწეულით კმაყოფილება, ბევრად მეტი – რეკომენდაციები. ანუ ის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც დღეს ისე ღიაა როგორც არასდროს, და რომელმაც საქართველო დასავლური სივრცის განუყოფელი ნაწილი უნდა გახადოს, ხელიდან არ გავუშვათ. არადა დღეს ამის ძალიან რეალური საფრთხეა. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ მაშინ მოგვიწია ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა, როდესაც თანამედროვე ისტორიაში ალბათ ყველაზე ანტი-დასავლური მთავრობა გვყავს; დემოკრატიის და რეფორმების თვალსაზრისით უსუსტეს ფორმაში ვართ და რაც მთავარია, უკრაინასთან მიმართებაში მორალურადაც და პოლიტიკურადაც არასწორ მხარეს ვდგავართ. ზოგი შეიძლება ამ კატეგორიულ ტონში არ დამეთანხმოთ და შემახსენოთ ოცნების მთავრობის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის რეკომენდაციების შესრულება. დიახ ეს მართალია, თუმცა ამ გადაწყვეტილებების უმრავლესობა შეუქცევადი ინერციის შედეგი იყო და თან ეს “ოცნება”, ის “ოცნება” დიდი ხანია აღარაა.

დღეს საქართველოს მთავრობა უკვე ღიად უპირისპირდება ვაშინგტონსა და ბრიუსელს: ამის ბოლო და უპრეცედენტოდ დემონსტრაციული მაგალითია მოსამართლეების დემარში. ამით ივანიშვილის მთავრობა ვაშინგტონს ეუბნება, რომ მოსამართლეთა კლანი მანამ იარსებებს, სანამ ეს მილიარდერს დასჭირდება. მეტიც, როდესაც ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა გადარიცხვა დაუგვიანა, მისმა სპიკერებმა ღიად ანტი-ამერიკული განცხადებების გავრცელება დაიწყეს, რითაც ვაშინგტონს მიანიშნეს, რომ ბიძინას დასანქცირების შემთხვევაში ქვეყანა გეოპოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლიდა. გარდა ამისა, როდესაც ევროკავშირის 75-მილიონიან გრანტზე უარს ამბობ, მას შემდეგ რაც ბრიუსელის წინაშე აღებულ ვალდებულებას სასამართლო რეფორმის კუთხით არ ასრულებ; როდესაც, ევროკავშირის პირველ პირს ასე უტიფრად გადააგდებ; როდესაც ევროპარლამენტარებს, თუ სხვა ევროპელ ლიდერებს ომის დამქაშებად, კრიმინალების მფარველებად და საქართველოს მტრებად მონათლავ – ეს უკვე დასავლეთთან აშკარა კონფრონტაციის ფაზაა, რაც ჩვენ ქვეყანას კარგს უკვე აღარაფერს უქადის.

“არც რუსი მინდა და არც ამერიკელი, ჩვენს საქმეებში ნურავინ ჩაერევა!..” – “პროქართული” ხაზის გულშემატკივრებისგან ასეთი ფრაზაც ხშირად გვესმის. რუსული ჰიბრიდული ომის მებაირახტრენი “ყველა ცუდიას” ნარატივს, სამთავრობო რესურსებით თანმიმდევრულად ამკვიდრებენ. მთავარი, როგორც ყოველთვის, აქ დეტალებია: ის თუ ვინ, რატომ და რა ფორმით ერევა ჩვენს საქმეებში: რუსი იმიტომ ერევა, რომ დაგშალოს, დაგიმონოს, სახელმწიფოებრიობა წაგართვას, გაგაღატაკოს, საკუთარ დანამატად და მომსახურე სივრცედ გაქციოს. აი დასავლეთს რაც შეეხება, ის იმიტომ გთხოვს, მოგიწოდებს, პოლიტიკურად თუ ფინანსურად გეხმარება, რომ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების გამყარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკის გამართვაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და რაც მთავარია ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვან წევრად ქცევაში დაგეხმაროს. რუსეთი შენ საქმეებში ჩარევით ცდილობს, რომ სიბნელეში შეგათრიოს, ჭაობში ჩაგფლას, ჩაგტოვოს იქ – სადაც უკეთესად დაგიმორჩილებს. დასავლეთი ჩარევით გვერდში გიდგება, ჭიგოსავით გეხიდება, რათა წელში გაგასწოროს, ამ ჩაბნელებულ რეგიონში სინათლე აგინთოს და ჩირაღდნით გვირაბის ბოლოსკენ წაგიძღვეს.

საქართველოს მთავრობა საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით ზურგს აქცევს დასავლეთს, რომელიც ჩვენი ჭაობიდან ამოთრევას ლამობს, და ეუბნება – თავი დამანებე სიბნელეში და ჭაობში ჯდომა მირჩევნიაო. მიხვედრა აღარ – უბრალოდ აღიარება ჭირდება იმას, რომ ეს ჭაობი და სიბნელე “სუვერენული დემოკრატიისკენ” და “რუსკი მირისკენ” მიმავალი პირდაპირი გზაა. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ შენ არც, თუნდაც დაშლის გზაზე მდგარი იმპერია ხარ, არც დედამიწის რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ფლობ და არც ბირთვული არსენალი გაგაჩნია. ერთ პატარა, უკვე უამბიციო და ღირსებაშელახულ ქვეყნად ყალიბდები, რომელიც მდიდარი კაცის სამფლობელოდაა გადაქცეული და თუ დასავლეთს საბოლოოდ მოვწყდებით, ყველაზე “უკეთესი” პერსპექტივა ის იქნება თუ უკვე დაპატარავებული და გაღარიბებული რუსკი მირის მიყრუებული “გრუზინსკი უგალოკი” გავხდებით.

“ხელები შორს მეფისგან” სკანდირებდა ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ჯგუფი თელავში და ერეკლე მეფეს ბერძენიშვილებისგან, ლიბერალებისგან, ნაციონალებისგან თუ “ევროპებისგან” იცავდა. რა გასაკვირია, ამათ ყველას ხომ ომი უნდათ, ერეკლეს კი მშვიდობა სურდა.. ერთი მართლა წამოახედა ერეკლე ამათი ფარისევლური შემართების შემხედვარე რა ხასიათზე დადგებოდა..

ომებით დაღლილმა პატარა კახმა გიორგიევსკის ტრაქტატი რუსეთთან სწორედაც რომ შემდგომი ომების თავიდან ასაცილებლად გააფორმა. თუმცა ის მწარედ შეცდა, რადგან ვერც შემდგომი ომები აიცილა თავიდან და საქართველომ კი ყველაზე ძვირფასი – სახელმწიფოებრიობა – ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია – ქართველმა კი, რომ არა კიდევ ერთი დიდი კახელი – ილია – ქართველობა კინაღამ მართლა საბოლოოდ დაკარგა. ერეკლეს, მაშინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწია სწორედ და ზუსტად იმიტომ რომ ჰორიზონტზე სხვა პარტნიორის ალტერნატივა არ ჩანდა. თუმცა დღეს, როდესაც რუსეთთან მწარე ურთიერთობის 2-საუკუნენახევრიანი გამოცდილება დაგიგროვდა, ამასთან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაქვს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა – სწორი არჩევანი გააკეთო და დასავლეთის განუყოფელი ნაწილი გახდე, შენ კი გამიზნულად ამბობ ამაზე უარს და საქართველოს “რუსკი მირისკენ” მიათრევ – შეცდომა არა.. ამას უკვე სახელმწიფოსა და ქვეყნის ღალატი ნამდვილად ჰქვია! ერეკლე რომ წამოახედა, ამას ნამდვილად არავის აპატიებდა…

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share