რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებები – რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის, პოეტი დათო მაღრაძე კვირის პალიტრასთან საუბრობს:
”დღეს რეალობა ასეთია – რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უპასუხა, მხოლოდ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს მოვემსახურებითო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი დასავლელი მეგობრების ყველა ეჭვი გაიფანტა. რაც შეეხება საპროტესტო განწყობის მორალურ მხარეს, შესაძლოა მთელ ოპოზიციურ სპექტრს არ ეხება, მაგრამ ისინი, ვინც ახლა ძალიან ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, წლების წინ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ძალას. მაშინ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს ხელში იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან დაახლოების ამგვარი გამოსავალი “ნაცმოძრაობამ” მიიღო. 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა. ასე რომ, სანამ სხვას უსაყვედურებენ, უკან მიიხედონ, მორალური უფლებაც არ აქვთ სხვას რამე უსაყვედურონ. რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე საყვედური საქართველოს არ ეკუთვნის.
გნებავთ სპეკულაცია დავარქვათ ამას და გნებავთ, პროვოკაცია. თუ ეს პროვოკაციული ნაბიჯია, ჩვენგან დამოუკიდებლად დადგა ასეთი რეალობა, ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფოზე ზემოქმედების გავლენის ბერკეტი არა აქვს.პირადად მე რუსი ტურისტების შემოდინებას საგანგაშოდ არ მივიჩნევ. ისინი ისედაც შემოდიოდნენ, მაგრამ ახლა ვიღაცები საფრთხეს ხედავენ არასანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლაზეც, რაშიც საფრთხეს ვერ ვხედავ. საქართველოში (არა მარტო) საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება. რუსობა, როგორც ასეთი, დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი. მეტი თვალსაჩინოებისთვის: რუსის ნაცვლად სხვა ეროვნების ადამიანი, თუნდაც ებრაელი, ჩავსვათ და ისტორიის მკაფიო, შემზარავი ეპიზოდებიდან მივხვდებით, რამდენად საფრთხის შემცველია ეროვნულობის დანაშაულად მიჩნევა, როდესაც ადამიანი სახეს კარგავს.
რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ ამაში პროვოკაციაა ჩადებული და განზრახული აქვთ საქართველო დასავლეთს დააშორონ, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბზარი გაჩნდეს, მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ალოგიკური მგონია. ადეკვატური იქნებოდა მათი კიდევ უფრო გააქტიურება, თუ ეს რუსული პროვოკაციაა, მან საქართველოსა და დასავლეთს მეტი დაახლოებისკენ უნდა უბიძგოს, რათა მათი ჩანაფიქრი ჩაიშალოს. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მტკიცე უნდა გახდეს, ევროპასთან კი ჩვენი დაახლოება მეტად დაჩქარდეს და საყვედურების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსიც უნდა მოგვცენ და ნატოს ქოლგის ქვეშ მოგვაქციონ. ეს იქნება ადეკვატური პასუხი. ამის შემდეგ შეიძლება დასავლეთმა საქართველოსგან სანქციების თვალსაზრისით სრული მხარდაჭერა მოითხოვოს. ამის საპირწონედ ჩვენი დაცულობის ხარისხიც სრულფასოვანი უნდა იყოს. როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს და მეორე – საქართველო არ არის ისეთი დაცული, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები არიან. ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გვაქვს რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა. ამ რეალობაში კი საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იფარავს და ჯერ არც ევროკავშირის წევრია, არავის აქვს მორალური უფლება აიძულოს ან წამოაყვედროს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებივით დაცული და უზრუნველყოფილი არა ვართ.
რაც შეეხება უფროს თაობას, თითქოს მას საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვს… ერთი ანეკდოტი მახსენდება: კახელ კაცს ჰკითხეს, ყველა დროს მოესწარით და სტალინის დრო მოგწონთ, ბრეჟნევის თუ გორბაჩოვისო? – სტალინისო. რატომ, სტალინისტი ხართო? არა, სტალინისტი არა ვარ, მაგრამ მისი მმართველობის დროს ახალგაზრდა ვიყავიო. ამიტომ, მგონია, ეპოქის კი არა, ახალგაზრდობის ნოსტალგია აქვთ. ადამიანს საუკეთესო მოგონებად მისი ყმაწვილობა მიაჩნია, როდესაც ახალგაზრდული ენერგია აქვს, თორემ არა მგონია, ვინმეს საბჭოთა რეჟიმი და პოლიტკონიუნქტურა ენატრებოდეს. შეზღუდულ სივრცეს თავისუფლება რომ სჯობია, ეს აქსიომაა. ეს თაობა პირველ რიგში იღვწის, რომ შვილებს ევროპული განათლება მიაღებინოს.” – განაცხადა დავით მარრაძემ.