სასამართლომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი ორისთვის” 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა – სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევა და “მთავარ არხზე” მუშაობის გაგრძელება დასახელდა, იმის მიუხედავად, რომ პაატა სალიამ თავად გამოაცხადა ეკა კვესიტაძისა და კიდევ რამდენიმე წამყვანის გათავისუფლების შესახებ.
სარჩელით კვესიტაძე ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდას.
სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა.
ჟურნალისტი თავს პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთ მსხვერპლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი კრიტიკული პოზიციების გამო, მისი სამაგალითოდ დასჯაა.
მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.