“პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება ენმ-სთვის ზიანის მიყენებას… ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები რადიკალურ გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამ ურთულეს გზაზე, პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ზიანის მიყენებას და რუსული პარტიისთვის კოჭის გაგორებას.
ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები – რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ამომრჩევლის, ხალხის ინტერესებიდან.
სწორედ ამიტომ ხდება უპრეცედენტოდ ღიად, გამჭირვალედ ენმ-ში არჩევნები და შიდადემოკრატია, რომ ყველამ იცოდეს კაბინეტებში, ოთახებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ნაციონალური მოძრაობა არის ხალხის პარტია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე – რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. უმნიშვნელოვანესია, ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ყველაზე მეტი დრო, ენერგია უნდა დავხარჯოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი მარცხის ფორმულა პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გაერთიანებული ოპოზიციური გუნდი – ნამდვილი ოპოზიცია და სამოქალაქო ერთსულოვნებაშია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ, ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო.
ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და არჩევს ტყუილს – სიმართლეს. ყველაზე მეტად გვჭირდება მობილიზება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელსაც რუსული პარტია მიზანმიმართულად ანგრევს.
ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ / პროქართულ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და იქნება ავანგარდში რუსული რეჟიმის დამარცხებაში, – წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც “ოცნების” უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ “ოცნების” ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.
კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.