1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მთელი ქართველი ერი დიდი აღფრთოვანებითა და ზეიმით შეხვდა. დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ მამა-დავითის ეკლესიის ზარების რეკვითა და თავისი მჭექარე ხმით ჩასძახა საფლავებში იქ დაკრძალულ დიდ ქართველებს, „საქართველო აღდგა, მოხდა ის, რაზეც თქვენ მუდამ ოცნებობდითო“.
საქართველომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 117 წელი (1801-1918 წწ) დაჰყო და როგორც ემიგრაციაში გარდაცვლილი ცნობილი ქართველოლოგი, კალისტრატე სალია ამტკიცებდა 1957 წელს პარიზში გამოცემულ კრებულ „ბედი ქართლისაში“, მთელი 117 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ოცნება და ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ბრძოლა, რომლის გარეშეც, რაც უნდა ხელსაყრელი გარემოებები შექმნილიყო, „26 მაისი“ არ დადგებოდა.
„26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია, ჩვენი მთლიანობის სიმბოლოა, ჩვენი საერთო დროშაა. დღეს საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს შინაგანი განხეთქილების არც ერთი მომენტი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული და საზოგადოებრივი. ჩვენ ყველა ვიბრძვით არსებობის ძირეულ, უდავო და მიუცილებელ საფუძვლისათვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც პიროვნება“, – წერდა „26 მაისის“ შესახებ 1934 წელს ემიგრაციაში მყოფი ნოე ჟორდანია, რომელსაც ბევრი დღესაც წამოაძახებს ქართველი სოციალ-დემოკრატების თავდაპირველ გულგრილობას ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა 1917 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, ნოე ჟორდანია და მისი პარტია, მართალია არ ჩქარობდნენ, მაგრამ უკვე ღიად საუბრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაძლებლობაზე.
„ნუ ავჩქარდებით საქართველოს რუსეთისგან გამოყოფის საკითხში. დარწმუნებული ვარ, რომ ეგ დრო მალე დადგება. მისკენ ისწრაფვის ჩვენი ახლანდელი ისტორია“, – ასე უპასუხა ნოე ჟორდანიამ ევროპიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრს მიხაკო წერეთელს, რომელმაც, თავის მხრივ, თითქმის 35 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის შესახებ დაწერილ ვრცელ წერილში სათანადოდ დააფასა ქართველი სოციალ-დემოკრატებისა და ნოე ჟორდანიას დადებითი ტრანსფორმაცია ანტინაციონალიზმიდან ეროვნულობისკენ.
„მარქსისტების პროგრამა მხოლოდ პოლიტიკურ-სოციალური იყო, არა ეროვნული, – წერდა მიხაკო წერეთელი, – მოსპობა თვითმპყრობელობისა, დამყარება დემოკრატიისა რუსეთში, მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვ. შექმნა წეს-წყობილებისა, რომლითაც მთელი კაცობრიობა შევიდოდა სოციალისტურ სამოთხეში. ქართველებს ყველაფრის გადაჭარბება გვიყვარს, და ჩვენი მარქსისტებიც ისე შორს წავიდნენ თავის ანტინაციონალიზმით, რომ „ხალხს“ აყვირებდნენ, არ გვინდა ავტონომიაო, და რაიც მართლაც საკვირველია, მათ არც ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტია შექმნეს, არამედ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრები იყვნენ“.
თუმცა, მიხაკო წერეთლის თქმით, ყველაფერი შეცვალა პირველმა მსოფლიო ომმა, როცა გამოჩნდა, რომ „პროლეტარს“ კვლავ ჰქონია სამშობლო და „ყოველი ერი, სახელმწიფოს არამქონე და უცხოსგან დამონებული, ჩაბმული იყო ომში და მოითხოვდა მისი პოლიტიკური თვითმყოფობის აღდგენას” და საერთაშორისო ცნობას:
„მაშინ ქართველთა სოციალ-დემოკრატიის მეთაურს, ნოე ჟორდანიას დაუდგა საკითხი: საქართველოს ბედის გადაწყვეტა ამ დიდ, ქვეყნის გარდამქმნელ დროს, ვის დაედებოდა ვალად და ტვირთად თუ არა მას, ხელმძღვანელს და მბრძანებელს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის დარაზმულობისა?
გერმანიის მიერ დამარცხებულ რუსეთს რევოლუციის ცეცხლი წაეკიდა, იქ თვითმპყრობელობის ნაცვლად დემოკრატია დაჯდა ტახტზედ, ხოლო უკვე პირველი ჟამითგან მისი ბატონობისა ცხად იქმნა, რომ იგი რუსეთის მიერ დამონებულ ერებს თავისუფლებას არ მიანიჭებდა: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც კი არ გაიმეტა მან.
ნოე ჟორდანიამ აღასრულა ის დიდი ისტორიული როლი, რომელმაც იგი უკვდავჰყო ქართველებისთვის: ჯერ მან გაწმინდა საქართველო ოსმალეთის ფრონტითგან მოზღვავებულ, გაბოლშევიკებულ რუსის ჯარისკაცთაგან, ჩაუდგა სათავეში ქართულ „ეროვნულ საბჭოს“, რომელიც წინამორბედი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისა.
ბოლოს მან ისარგებლა გერმანიის მეგობრული განწყობილებით საქართველოსადმი და გაუწია რა ანგარიში მთელი ერის სურვილს, გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველოისა, რომლის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე თვით გახდა. მან დაუბრუნა ერს ერთხელ სხვა გზაზედ დამდგარი დიდი ნაწილი მისი, ქართველმა ერთმა იგი ცნო მეთაურად, დაივიწყა წარსული უთანხმოებანი და არარად მიიჩნია აწმყოს შეცდომანიც. არამედ სიხარულით შესცქეროდა მონობისგან გათავისუფლებულ სამშობლოს და თვის ახალ მეთაურს“.
მონობისგან გათავისუფლებას ხანგრძლივი 117 წელი დასჭირდა. როგორც ვლასა მგელაძე წერდა „სამოყვროდ მოსულმა რუსეთის თვითმპყრობელობამ, არამცთუ დაგვეხმარება არ გაგვიწია ტანჯულ სამშობლოს აღორძინებაში, არამედ ქვეყანა ააოხრა. მდიდარი ტაძარ-მონასტრები დაძარცვა, ღირსეული მამულიშვილები დახოცა, ცოცხლები ციხე-ციმბირში გამოალპო. სამშობლო ენაზე განათლება და წირვა-ლოცვა აკრძალა. ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ეროვნული სუვერენობა მოსპო“.
თუმცა ხალხი აჯანყდა. მთასა და ბარში დაიწყო დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც რუსეთის მთავრობამ სასტიკად ჩაახშო. „მზაკვრული პოლიტიკით, ცბიერებით, ღალატით ხალხი გააჩერა, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ვერ მოსპო“, რაც ცნობილი ქართველოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, კალისტრატე სალიას თქმით, სავსებით ბუნებრივია, რადგან „ქართველ ერში მუდამ იყო სურვილი დამოუკიდებლობისა და მისწრაფება მისადმი. მას არასოდეს არ შეუწყვეტია ბრძოლა მის აღსადგენად, და როგორც კი შესაფერისი დრო დაუდგა, 1918 წლის 26 მაისს, კიდევაც განახორციელა თავისი უზენაესი იდეალი. ასეთი იყო გარდაუვალი ნება ქართველი ერისა, და მის წინააღმდეგ წასვლა არავის შეეძლო“.
„დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველო არასოდეს შერიგებია რუსეთის ძალადობას. ანექსიის გამოცხადებისთანავე დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ და 117 წლის განმავლობაში აწარმოვა იგი შეუწყვეტლივ, სხვა და სხვა ფორმით, თავისი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს არის ისტორიული სინამდვილე, დამტკიცებული და დადასტურებული მრავალი საბუთით და ზღვად დაღვრილი სისხლით ქართველთა“, – წერს კალისტრატე სალია, რომელიც ჩამოთვლის ქართველი ერისა და მისი საუკეთესო შვილების ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართულს დამპყრობლის წინააღმდეგ, ძალისხმევას, რომლის გარეშე „26 მაისი“ არ დადგებოდა.
როგორ მივიდა საქართველო 26 მაისამდე
- 1801 წელი – საქართველოს სამეფოს გაუქმებას არაერთი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის დარეჯან დედოფლისა და მეფის ოჯახის სხვა წევრებისა, რომლებიც იძულებით გაასახლეს რუსეთში.
- 1802 წელი – პირველი აჯანყება კახეთში, მთიულეთსა და ხევსურეთში. ისტორიას შემორჩა კახელების ნოტა იმაზე, რომ რუსი ხელმწიფის მანიფესტი მატყუარა თხზულებაა, რადგან არავის უთქვამს, რომ ქართველებს მეფე აღარ უნდათ: „ჩვენი ვედრება ეს არის, რომ ჩვენზე მრავალგვარად გარჯილი და ღვაწლდებულის მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოთ და იმ ანდერძის წესით მეფე დაგვისვათ“.
- 1803 წელი – 21 აპრილს მარიამ დედოფალი (გიორგი XII-ის ქვრივი) ხანჯლით კლავს გენერალ ივანე ლაზარევს, რომელსაც განკარგულება ჰქონდა მიღებული დედოფლის დატუსაღებისა და გადასახლებისა.
- 1804 წელი – აჯანყება მთიულეთსა და ქართლში. აჯანყებაში მონაწილეობს ალექსანდრე ბატონიშვილი, დასავლეთ საქართველოდან გადმოდიან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები. აჯანყებულებს კახელებიც უერთდებიან. აჯანყებას სისხლში ახშობს რუსეთი. იულონსა და ფარნაოზს რუსეთში ასახლებენ.
- 1811-1812 წლები – ალექსანდრე ბატონიშვილი აჯანყებას იწყებს თუშ-ფშავ-ხევსურეთში. „ერთ კვირას თქვენთან სიცოცხლე ათას წელიწადს სხვაგან ცხოვრებას მირჩევნია. ესეც კარგად იცით, რომ რადგან სისხლში გაერიენით და მაგდენი რუსი გასწყვიტეთ, ღმერთმან ნუ ქმნას მაგათ ძალი მოიცენ, არას დროს არ შეგარჩენთ და მაგათი ფიციც დასარწმუნებელი არ არის“, – ამბობს ალექსანდრე ბატონიშვილი ქართველი ხალხისადმი მიმართვაში. ხალხმა მართლაც ბევრი იომა კახეთში, მაგრამ დამარცხდა. ალექსანდრე გადავიდა მთიულეთში. 1813 წელსაც არაერთი გამოსვლა მოაწყო მთიულეთსა და კახეთში.
- 1819-1820 წლები – გურია-იმერეთის საეკლესიო აჯანყება, რომელსაც მიემხრო სამეგრელო. აჯანყებას მეთაურობდა სოლომონ დიდის შვილიშვილი ივანე აბაშიძე. აჯანყება დიდი სისხლისღვრით დამთავრდა. 1820 წლის 3 მარტს იმერეთის ახლად დანიშნულმა მმართველმა პუზირევსკიმ შეიპყრო, მიტროპოლიტები ეფვთიმე გაენათელი და დოსითეოს ქუთათელი,
ორივეს ჩამოაცვეს თავიდან წელამდე ტომრები, შეუკრეს ხელები, ხოლო ქუთათელი უმოწყალოდ სცემეს. მათთან ერთად ჯარის თანხლებით რუსეთში გაგზავნეს აჯანყების დაწყებაში ბრალდებული დარეჯან ბატონიშვილი, ივანე აბაშიძის დედა. გზად სურამთან ქუთათელი მიტროპოლიტი ტომარაში დაიხრჩო, მაგრამ ის მაინც მკვდარი წაიღეს და ანანურს დამარხეს, სხვათა შორის რუსები დოსითეოს ქუთათელის გვამის მდინარეში გადაგდებას ცდილობდნენ მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს რადგან წყალი გამორიყავს და გვამს იპოვიანო.
ეფვთიმე გაენათელი წაიყვანეს პეტერბურგს და იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინეს, ამის შემდეგ შინა პატიმრობა მიუსაჯეს სვირის მონასტერში სადაც იგი გარდაიცვალა 1822 წელს.
„რათა დატუსაღებულნი ვერსად გაიქცნენ და წყნარად იყვნენ, ვერც ურთიერთ იცნონ და ვერც მცხოვრებლებმა იცნონ იგინი, მათ ჩავსვამ ტომრებში და იმ ტომრებს კისერთან და წელზე თოკს მოვუჭერ. დამცველთა რაზმს გავაძლიერებ, რომ გზაზედ მეამბოხეებმა ვერ შეძლონ თავის გათავისუფლება. ხოლო თუ თავდასხმა მოხდა, ტუსაღები დახოცილი უნდა იყვნენ და წყალში გადაყრილნი“ – წერდა პოლკოვნიკი ივანე პუზირევსკი გენერალ ველიამინოვს. პუზირევსკი მოკლა ქაიხსორო გურიელის კარისკაცმა ილია ბოლქვაძემ გურიის აჯანყების დროს.
- 1824 წელი – აჯანყება აფხაზეთში.
- 1828-1829 წლები – აჯანყება გურიაში სამთავროს გაუქმების გამო გურიის დედოფლის, სოფიოს ხელმძღვანელობით.
- 1829-1832 წლები – სოლომონ დოდაშვილმა თბილისში დააარსა ფარული საზოგადოება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთელი მაშინდელი მოწინავე ქართული საზოგადოება, მათ შორის ბატონიშვილები, მათი შვილები და სხვ. მეფედ ალ. ბატონიშვილი სურდათ. შედგენილი იყო მთავრობა და პარლამენტი.
ალ. ორბელიანი მოგონებებში წერდა: „შეთქმაში უნდა გარეულიყვნენ სრულიად საქართველოს დიდი კაცნი და მცირენი, ხნიან დედაკაცნი და ყმაწვილ ქალნი, რომელთაც ერთი აზრი ჰქონდათ ყველას ჩვენთან ერთად, ან უნდა გავწყვეტილიყავით სულ ერთიან, ან არა და მამული გამოგვეხსნა საშინელი ჩვენის მტრის რუსისგანო“.
შეთქმულების დამარცხებით გარდატეხა მოხდა ქართველი ერის ცხოვრებაში. რუსეთი მაგრად ჩასახლდა, დაეპატრონა საქართველოს მიწა-წყალს, ქართველების ეროვნულ არსებას, რომლის ყოველ უჯრედში იჭრებოდა იარაღით ბრძოლის გაგრძელება დაქანცული და განადგურებული ერისათვის შეუძლებელი იყო, იგი ნამდვილ სიკვდილს უქადდა. არც გარეშე პირობები და საერთაშორისო მდგომარეობა უწყობდა ხელს იარაღით გამოსვლის მოწყობას, თუმცა აჯანყებები მაინც ხდებოდა.
- 1840 წელი – აჯანყება გურიაში, იმერეთში, ქართლში
- 1849 წელი – აჯანყება თბილისში
- 1857-1862 წლები – აჯანყება სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ქართლში მიწის საკითხის გამო
- 1863 წელი – აჯანყება საინგილოში რუსული ადმინისტრაციის უწესო მოქმედების გამო
- 1866 წელი – აჯანყება აფხაზეთში
- 1875 წელი – აჯანყება სვანეთში
- 1876 წელი – გლეხთა აჯანყება სამეგრელოსა და სვანეთში
- 1878 წელი – აჯანყება კახეთში
- 1882 წელი - აჯანყება გურიასა და აჭარაში
კალისტრატე სალიას თქმით, რუსეთი დევნიდა ყველაფერი ქართულის გამომჟღავნებას, ქართულ ენას, ქართულ კულტურას, ქართულ ეკლესიას.
„მას სურდა ამით მოეწყვიტა საქართველო თავის წარსულისათვის, ისტორიისათვის და გადაგვარების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ქართველი ერის სიღრმეში კიდევ დიდი იყო სიცოცხლის ძალა დარჩენილი და მას მალე მომვლელნი და მხსნელნი გამოუჩნდნენ“, – ცნობილი ქართველოლოგის თქმით, ანექსიის 117 წლის განმავლობაში აჯანყებების პარალელურად ქართველები სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფრონტზეც იბრძოდნენ:
- 1846 წელი – დიმიტრი ყიფიანი აარსებს თბილისის და ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს, რომელსაც თავის წვლილი შეაქვს ქართულ ეროვნულ საქმეში, რადგან მისი მეცადინეობით არსდება პირველი ქართული ჟურნალი, ქალთა სასწავლებლები და თეატრი. თავად-აზნაურთა საკრებულოს ინიციატორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისა.
- 1860 წელი – ჩნდება ახალი დასი, ილია ჭავჭავაძე და სხვა თერგდალეულები: კაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერეი მესხი, კირიძე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ანტონ ფურცელაძე და სხვები
- 1863 წელი – ილიას დასი აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნული გათვითცნობიერება
- 1866 წელი – თერგდალეულთა კიდევ ერთი ჯგუფი, გიორგი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე აარსებებ გაზეთ „დროებას“
- 1877 წელი - ილია ჭავჭავაძე აარსებს „ივერიას“. 1880-81 წლებში „დროება“ და „ივერია“ ერთიანდებიან. „დროება“ გამოდის ყოველდღიურად, „ივერია“ – სამ თვეში ერთხელ.
- „ეროვნული პოზიციების დაცვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენახვა, საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა იყო მთავარი მიზანი ამ გამოცემათა და მათ ხელმძღვანელთა“.
- 1873 წელი – ნიკო ნიკოლაძემ და დავით მიქელაძემ (მეველე) პარიზში დააარსეს ქართული გაზეთი „დროშა“, რომელშიც მათ წამოაყენეს კავკასიის ფედერაციის იდეა. „თავისუფალი ფედერაცია ყველა კავკასიელი ხალხებია, აი ჩვენი საზოგადოებრივი იდეალი“ – წერდა გაზეთი თავის პირველ ნომერში
- 1874 წელი – ჟენევაში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით გაიმართა კავკასიის ახალგაზრდობის კონგრესი „კავკასიის ერთა ფედერაციულ ნიადაგზე გაერთიანებისთვის“. კონგრესმა გამოიტანა დადგენილება კავკასიური ფედერაციული რესპუბლიკის დაარსების შესახებ რუსეთის დამხობისთანავე
- 1879 წელი - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და ნიკო ცხვედაძის თაოსნობით და მზრუნველობით დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აღორძინებაში
- 1880 წელი – ქართული თეატრი იქცა ეროვნულ ტრიბუნად.
ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი და სხვები მგზნებარე სიტყვებით აღვიძებენ და ანთებენ ქართულ ეროვნულ სულს. „გმირები სისხლიან სამარეში განისვენებენ და მათი ხმლები მრისხანე ელვარებით მტერს წინ აღარ ეღობებიან… მაგრამ მათი აჩრდილნი მათი საომარი ტანსაცმლით შემოსილნი, ისტორიული დროშებით და ხმლებით ხელში გამოჩნდებიან სცენაზედ და ასწავლიან ახალ თაობებს, რომ საქართველო არ მოკვდება, სანამ ეროვნული სული უდგია და სახელოვანი გმირები სამარითგანაც კი წამოიჭრებიან ხოლმე ერის ცხოვრების განსაცდელის დროს“.
- 1886 წელი – 24 მაისს მოწაფე იოსებ ლაღიაშვილი პროტესტის ნიშნად კლავს სემინარიის რექტორს ჩუდეცკის. ეგზარქოსი პავლე ამ აქტისთვის წყევლის ქართველ ერს. დიმიტრი ყიფიანი მოითხოვს ეგზარქოსის გაძევებას. ამისთვის მას ასახლებენ რუსეთში, სტავროპოლში, სადაც კლავენ კიდეც. დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა თბილისში გადაიქცა უდიდეს ეროვნულ ანტირუსულ დემონსტრაციად
- 1891 წელი – არჩილ ჯორჯაძე ვარშავაში აარსებს საქართველოს განმათავისუფლებელ ლიგას
- 1903 წელი - გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში აარსებენ ჟურნალ „საქართველოს“ და ფრანგულ ენაზე „ლა ჟეორჟის“, რომლებშიც თანამშრომლობენ ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, თედო სახოკია
- 1905 წელი - დიდი აჯანყება რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, რომლის დამარცხებას ტერორი და რეპრესიები მოჰყვა
- 1907 წელი – ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი გვაზავა ადგენენ პეტიციას ქართველი ერის სახელით, რომელსაც ხელს აწერენ ყველა წოდებისა და სოციალური მდგომარეობის წარმომადგენლები და რომელიც ასე იწყება: „სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის სახელით, ჩვენ უძველესი დამოუკიდებელი ქრისტიანული სამეფოს, საქართველოს მოქალაქენი, მივმართავთ განათლებულ ევროპის ერებს მათი დელეგატების სახით საერთაშორისო საზავო კონფერენციაზე ჰააგაში“…
შემდეგ მიმართვაში აღწერილია საქართველოს მდგომარეობა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევიდან ვიდრე დღემდე. პეტიცია მთავრდება მიმართვით, რომ საქართველოს უფლებები აღდგენილი უნდა იქნას 1783 წლის ხელშეკრულების თანახმად. პეტიცია ბელგიელმა პროფესორმა ერნესტ ნისმა დაურიგა კონფერენციის დელეგატებს 1907 წლის 26 ივნისს.
- 1909 წელი – პეტრე სურგულაძე, მიხაკო წერეთელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალ. ყიფშიძე, გიორგი გვაზავა, იაკობ გოგებაშვილი, ვალერიან გუნია, სიმონ ყიფიანი და სხვები აარსებენ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის საიდუმლო ჯგუფს და გამოსცემენ ჟურნალებს
- 1910 წელი – კავკასიის მთავარმართებელი ვორონცოვ-დაშკოვი იმპერატორისადმი წარდგენილ უმაღლეს მოხსენებაში აღნიშნავს, რომ 1910 წელს თავად-აზნაურობის ყრილობამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოითხოვაო
- 1910 წელი – ჟენევაში პეტრე სურგულაძემ დააარსა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ნესტორ მაღალაშვილი, ლეო და გიორგი კერესელიძეები, ლეო ქიაჩელი, ვასო ციცქიშვილი, მიხ. წერეთელი.
ჯგუფი 1914 წლამდე გამოსცემდა გაზეთს „თავისუფალ საქართველოს“, რომლის პირველ ნომერში დაბეჭდილი დეკლარაცია მთავრდებოდა ასე:
„ჩვენ ვეცდებით შევიმუშაოთ მთელი გეგმა ეროვნული თვითარსებობის დაცვისა, საქართველოს აღდგენისა, მისი განთავისუფლებისა, და ამ გეგმის გარშემო თავი მოვუყაროთ მთელ შემოქმედ საქართველოს… ქართველი ერის შემოქმედებითი ძალა იმდენად დიდია, რომ შინაურ მტერსაც გასრესს, გარეშესაც მოიგერიებს და გაიკვლევს გზას თავისუფლებისაკენ.
დარწმუნებულნი, რომ სამშობლოს ყოველი შვილი ჩვენთან არის სულიერად, იტანჯება იმავე საკითხებით, რომელთა გამორკვევა ჩვენ მიზნად დავისახეთ, ჩვენ ველით მათგან თანაგრძნობას და ბრძოლას ძვირფას სამშობლოს, დანგრეული ქართველი ერის პოლიტიკურად აღდგენისათვის, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის“.
- 1914 წელი - ვარლამ ჩერქეზიშვილმა ლონდონში დააარსა „საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულების უფლებათა დამცველი კავშირი“, რომელმაც მიმართა ქართველ ერს
„ქართველებო, ჩვენი სამშობლო განადგურებულია, ჩვენი ერის მიწა-წყალი, ჩვენი ისტორიული საუნჯენი წარყვნილი! ჩვენი ხალხი, რომელიც 20 საუკუნის განმავლობაში გმირულად, იარაღით ხელში იცავდა ეროვნულ დამოუკიდებლობას, დღეს იარაღ ახდილია, დამონებული, როგორც დაპყრობილი მონა…“ ბოლოს კი მოუწოდებს ქართველ ერს, „დავიცვათ ჩვენი ეროვნული ქარტია, ნუ გავცვლით მას მეორეხარისხოვან ერობაზედ (თვითმმართველობაზე), ნურც რომელიმე ნაჩუქარ თვითგამორკვევაზედ, ვილაპარაკოთ, ვწეროთ და ვბეჭდოთ ჩვენ უფლებათა შესახებ ყველა ევროპულ ენაზედ და განვაცხადოთ, რომ ჩვენი უფლებანი უარყოფილნი არიან“.
- 1914 წელი – პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას პეტრე სურგულაძე ადგენს ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს
კომიტეტში შედიან: ნესტორ მაღალაშვილი, ლეო და გიორგი კერესელიძეები, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი, მელიტონ ქარცივაძე, შალვა ვარდიძე. კომიტეტი მუშაობას აწარმოებს გერმანიასთან და ოსმალეთთან, ეძებს დახმარებას, სდებს ხელშეკრულებებს მთავრობებთან ქართველი ერის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
ადგენს ქართულ ლეგიონს, რომელიც იბრძვის ოსმალეთის ფრონტზე რუსების წინააღმდეგ.
- 1916 წელი - გიორგი მაჩაბელი წყალქვეშა ნავით ჩადის საქართველოში, ნახულობს პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ნოე ჟორდანიას და ევგენი გეგეჭკორს
ბერლინში არსებულ დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობას საქართველოში აგრძელებენ: სპირიდონ კედია, დათა ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, შალვა ქარუმიძე და სხვ.
- 1916 წელი – ლოზანაში დაჩაგრულ ხალხთა კონგრესზე მოხსენებით გამოდის მიხაკო წერეთელი, რომელიც ვრცლად აღწერს საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ჩადენილ ბოროტებსა, მოუთხრობს დელეგატებს საქართველოს 116 წლიან ტანჯვას, იცავს საქართველოს სუვერენულ უფლებებს და მოითხოვს დამოუკიდებლობის აღდგენას
- 1917 წელი – მიხაკო წერეთელი და მელიტონ ქარცივაძე ჩადიან თბილისში, სადაც დათა ვაჩნაძის ბინაზე ხვდებიან საქართველოს პარტიათა მეთაურებს: ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორს, იოსებ გედევანიშვილის. ლაპარაკობენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე
1918 წლის მაისი…
სწორედ დათა ვაჩნაძის ბინაზე გამართული ამ შეხვედრის დასრულებისას თქვა ნოე ჟორდანიამ, „ნუ ავჩქარდებით საქართველოს რუსეთისგან გამოყოფის საკითხში. დარწმუნებული ვარ, რომ ეგ დრო მალე დადგება. მისკენ ისწრაფვის ჩვენი ახლანდელი ისტორიაო“.
რუსეთისგან გამოყოფის დრო კი იმაზე მალე დადგა, ვიდრე, ალბათ, შეხვედრის მონაწილეებს წარმოედგინათ, თუმცა ნოე ჟორდანიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის მიცემული შანსი ხელიდან არ გაუშვა.
1918 წლის მაისში გერმანელების მიერ გაცემულმა გარანტიებმა და შეთავაზებულმა პროტექტორატმა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიიყვანა.
ცნობილი ისტორიკოსისა და ქართველი დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის თქმით, ნოე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბელადი ამიერკავკასიის სეიმში, სწორედ ის პიროვნება იყო, რომელსაც უნდა ეტვირთა დასახული მიზნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ამიერკავკასიის სეიმის თვითგაუქმების გამოცხადება.
გერმანიის რჩევით, რადგან მისმა შუამავლობამ არ გაჭრა, საქართველოს უნდა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა მანამ, ვიდრე თურქეთი ბათუმის კონფერენციაზე ულტიმატუმის სახით მოითხოვდა ამიერკავკასიის დელეგაციისგან საზღვრების თურქეთის სასარგებლოდ შეცვლას:
„ეტყობოდა, რომ მერყეობდა [ჟორდანია], რაც სავსებით გასაგები და კანონიერი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აზრი არ ეგუებოდა არც მისი მთელი ადრინდელი მუშაობის დოქტრინას, არც რუსეთის სოც.დემოკრატიული პარტიისადმი კუთვნილებას, მაგრამ რაკი ერთხელ ირწმუნა, ოსტატის ხელით შეუდგა ახალი პროგრამის გატარებას“.
ზურაბ ავალიშვილი თავის დღიურში წერს: „გვიან საღამოს ვადგენ შემდეგ დეპეშას, რომელიც 25 მაისს ღამით იგზავნება ჩხენკელის ხელმოწერით:
„ტფილისი, გენერალ კვინიტაძეს. საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს გადაეცით შემდეგი: დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. გერმანელების შუამდგომლობის ცდა არ გამოგვივიდა.
დაგვრჩენია ერთი რამ: თურქების შემოტევას დავუპირისპიროთ საქართველოს დამოუკიდებლობა , რომელსაც მხარს უჭერს გერმანია. მისი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობასთან იქნება გრაფი შულენბური, რომელიც გამოცხადებისთანავე აუცილებლად სასწრაფოდ უნდა ვცნოთ… ხელმოსაწერად უკვე მზადაა მთელი რიგი დროებითი შეთანხმება გერმანიასთან… ველოდებით აქტის შესახებ უსწრაფეს ცნობას“.
26 მაისს საღამოს 9 საათზე ზურაბ ავალიშვილსა და ნიკო ნიკოლაძეს მართლაც გადასცეს თურქეთის ულტიმატუმი – 72 საათის განმავლობაში სრულად მიიღონ 11 მაისს თურქეთის მიერ წამოყენებული ტერიტორიული პირობები, თუმცა ყველაფერს ცვლის თბილისიდან ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მიერ გამოგზავნილი დეპეშა:
„დღეს ნაშუადღევის 5 საათზე ეროვნულმა საბჭომ საქართველო გამოაცხადა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულია რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად – ჩხენკელი. ამიერკავკასიის სეიმმა თავი ცნო გაუქმებულად და ამიერკავკასიის ერთიანობა შეწყდა“.
ზურაბ ავალიშვილი ნიშნის მოგებით ასკვნის, ამგვარად ჩვენს მიერ თურქეთის ულტიმატუმის მიღებამდე 4 საათით ადრე ამიერკავკასიის რესპუბლიკამ – უზარმაზარმა, უხერხემლო მოლუსკმა – არსებობა შეწყვიტაო.
თურქეთის ულტიმატუმი ჰაერში დაეკიდა, იგი ვერ გადაეცემოდა ადრესატს, რადგან ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
რადიო თავისუფლება