პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს საკითხი.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ.
„ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტი საკითხს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია ბოლომდე შესრულებულიყო. მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ საკითხი დაბლოკა, მათ დარბაზი დატოვეს და ამით ბოიკოტი გამოუცხადეს ევრორეკომენდაციების შესრულებას. ეს პირდაპირ ემთხვევა მათ განცხადებებს, ფარულს თუ ღიას, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები შედეგს არ გამოიღებს და ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, მაშინ ჩვენ ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ მივიდა ეს კონკრეტული საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები იქნება გაზიარებული, ეს ხელს არ შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, შემდეგ სესიაზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, ეს საკითხიც წარმატებით დავხუროთ”,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში მთელი ოპოზიციის დაშანტაჟებას ცდილობს.
„ვნახეთ ის აგრესიული კამპანია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ თავის ოპოზიციონერ კოლეგებზე გაატარეს, მათ წინააღმდეგ პირდაპირ დევნა იყო, ბოლშევიკური მეთოდებით გაუსწორდნენ ოპოზიციონერები საკუთარ ოპოზიციონერ კოლეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია მთელი ოპოზიციის დაშანტაჟებას ცდილობს პარლამენტში. ცდილობენ, ყველა დეპუტატს თავს მოახვიონ ის, რაც მათ სჭირდებათ. მათ რაც სჭირდებათ, წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც საქართველოს და საზოგადოებას სჭირდება. იმედი მაქვს, ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილი მაინც სწორედ ამ გადმოსახედიდან დაინახავს საკითხს და მხარს დაუჭერს ევრორეკომენდაციების შესრულებას”,-განაცხადა თალაკვაძემ.