“ოზურგეთის თაღლითური სქემის” ირგვლივ “გურიის მოამბეს” მიერ დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთი დაზარალებული გამოეხმაურა-ამჯერად გერმანიაში, მცხოვრები, ირინა ბურჯანაძე, რომელიც თავის ისტორიას “გურიის მოამბესთან” საუბარში ყვება:
“2022 წლის სექტემბრის თვეში ,ჩემი შვილები უნდა ჩამოსულიყვნენ ბერლინში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 1 თვით ადრე,დავუკავშირდი სოფო ღლონტს ფეისბუქზე და მოვილაპარაკეთ, რომ დამეხმარებოდა ბილეთების ყიდვაში, არ მაყიდინებდა უკან დასაბრუნებელ ბილეთებს და რადგან ადრე ვყიდულობდი, საკმაოდ იაფად შევძლებდი ყიდვას.
როცა გამგზავრების დღე დადგა, სოფომ მითხრა , რომ ბილეთებს ვერ ,,აჩექინებდა” და არ იცოდა რატომ – ამის გამო მიდიოდა აეროპორტში გასარკვევად.
რამდენი დავურეკე, მითიშავდა და მწერდა ,რომ არკვევდა. უკვე საღამო იყო, რომ მიპასუხა და მითხრა, სასწრაფოდ უნდა გადამერიცხა უკან დასაბრუნებელი ბილეთების ფული 350 ევრო. მეტი რა გზა მქონდა,გადავურიცხე. ცოტა ხანში მომწერა, რომ დღეს თვითმფრინავი არ გადის, ფრენა გადაიდო და ვერაფერს ვიზამო.
მე ვუთხარი, თუ ეს ასეა, მე კომპანიას ვუჩივლებ უყურადღებობაში თქო. კარგს იზამ, მეც გვერდით დაგიდგებიო. 1 კვირაში გამოვუშვებ შენ შვილებს ბერლინშიო. რას ამბობთ, ყველა რეისი ხომ არ გადადებულა, 1 კვირა რა ამბავია, ხვალის რეისზე აიღეთ ბილეთი თქო და ხვალის რეისი თურქეთიდან პოლონეთში მიდის და 35 საათი უნდა ფრენასო. ვკითხე ხომ არ გეშლებათ, ჩემი შვილები ბერლინში მოფრინავენ და არა ამერიკაში მეთქი.რა ვქნა, რომელი თვითმფრინავის ბილეთიც მაქვს, ის ერთი კვირა არ მიფრინავსო.
გავაგზავნე ჩემი შვილი აეროპორტში. აჩვენა ეს ვითომ ბილეთები, უპასუხეს რომ ეს თვითმფრინავი მალე გაფრინდება, მაგრამ თქვენი ბილეთებით თქვენ ვერ გაფრინდებითო. მოკლედ არ ვიცი რა მოგვცა და რა გააკეთა,მაგრამ დიდი კამათის და ნერვიულობის შემდეგ,როგორც იქნა გამოფრინდნენ ჩემი შვილები, მაგრამ ბილეთები იყიდა ჩემივე, დამატებით ჩარიცხული ფულით,რომელიც უკან დასაბრუნებელ ბილეთებში გადამახდევინა.
ეხლა დადგა უკან გაფრენის დრო. გამოგვიგზავნა ბილეთი და მეუბნება, გუშინ თვითმფრინავს ქონდა ავარიული დაშვება და არ ვიცი დილით გაფრინდება თუ არა, მაგრამ მაინც გავიდეს აეროპორტში და თუ არ გაფრინდება, ახალ ბილეთს მისცემენო. თვითმფრინავი კი გაფრინდა, მაგრამ ის ბილეთი ლამის თავზე დაახიეს, შარშანდელი ბილეთით ვინ შეგიშვებს თვითმფრინავშიო-ითრეს აეროპორტში.
დაბრუნდა უკან. ისევ ნერვების და ცრემლების ფასად, როგორც იქნა 1 კვირის შემდეგ გაუშვა ერთი,მეორე კი დატოვა და აღარც ის ფული მოუცია.
მერე გადმოვიდა მუქარებზე. ვიღაც დოდომ მომწერა და მითხრა, შენ შვილებს შესაბამისი პირები დაელაპარაკებიანო.
ეტყობა იფიქრა გული გამისკდებოდა შიშით. რომ არ გამოუვიდა ჩემი დაშინება, მერე ჩემ შვილთან გადაურეკავს და დასალაპარაკებელი მაქვსო. იქაც რომ მიიღო საკადრისი პასუხი, მერე აღარ გამოჩენილა – დამბლოკა ყველგან და დაასრულა ესე. არა და რომ გეკითხათ,ერთი სული ქონდა, ჩემ ფულს როდის დამიბრუნებდა.
ესაა მოკლე ინფორმაცია სოფო ღლონტის ქმედებაზე”-ყვება ირინა ბურჯანაძე.