შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა, ე.წ. “ლელა ნაცვალაძე – სოფიო ღლონტის” საქმეზე გამოძიება “თაღლითობის” მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” შსს პრესსამსახურში ოფიციალურად დაუდასტურეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ადამიანების დაკითხვები, რომლებიც ამ საქმესთან გარკვეულწილად შემხებლობაში არიან” ამბობენ პოლიციაში.
პოლიცია არ ახმაურებს გამოძიებამ წაუყენა თუ არა ვინმეს ბრალი აღნიშნულ საქმეზე.
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძეს, ქალაქ ხონში მცხოვრებ ავთანდილ ქავზინაძეს და ქალაქ ბათუმში მცხოვრებ სოფიო ღლონტს უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრები ათეულობით მოქალაქე თაღლითობაში ადანაშაულებს.
ძირითადი აქცენტი და პრეტენზიები დაზარალებულებს ოზურგეთის საკრებულოს სამი მოწვევის –2006-10; 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძის, მიმართ აქვთ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, ბათუმში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძის დეიდაშვილ სოფიო ღლონტთან ერთად შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარ კომენტარზე ვიკავებ თავს,როცა დასრულდება კომენტარსაც გავაკეთებ და რაც საჭირო იქნება იმასაც” – გვითხრა ნაცვალაძემ.
თუ გამოძიება საქმეში ფიგურანტ პირებს ბრალს წაუყენებს-მისი დამტკიცების შემთხვევაში სს კოდექსით ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.