“გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სხვა დეტალები არ ვიცი, თუ სიახლე გვექნება გაგაგებინებთ-ასეთი იყო შსს-ს პრესცენტრის პასუხი ჩვენს კითხვაზე, რა დამატებითი დეტალები არსებობს ოზურგეთში სამი დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ის რომ პოლიცია დანაშაულს ცხელ კვალზე ვერ ხსნის, ამას საზოგადოება უკვე მიეჩვია, თუმცა, თუ პრესსამსახურის მხრიდან მიღებული პასუხით ვიმსჯელებთ, გამოძიებას ჯერ ახალიც არაფერი აქვს სათქმელი.
აკი შეგვპირდნენ, რომ თუ რამეს გარკვევას მაინც მოახერხებენ, ეს მედიისთვის დაფარული არ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში მკვლელობა 22 იანვარს მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. გარდაცვლილ 55 წლის მამაკაცს, თავის არეში რამდენიმე ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, ათამდე ჭრილობა კი მუცლის არეში ცივი იარაღით.
მომხდარზე გამოძიება კი, სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს