უდანაშაულო ადამიანის შეწყალება არც გმირობაა და არც სამართალის აღდგენა, სამადლობელი არაფერია- ზურაბ გურული

“ძალიან მძიმე გამოცდაა ციხე და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ციხეში ღირსეულად მოქცევაც და იქედან ისეთი ცხოვრებისეული სიბრძნის გამოტანაც, რომელსაც ვერცერთ სხვა გარემოებაში ვერ შეიძენ. ნიკამ ეს შეძლო”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

“აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ციხიდან გათავისუფლდა.

ვულოცავ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა, ვისაც ამ ფაქტით გულწრფელი სიხარულის მიღება შეუძლია.

ვულოცავ ნიკა გვარამიას და მის ოჯახს!

ძალიან მძიმე გამოცდაა ციხე და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ციხეში ღირსეულად მოქცევაც და იქედან ისეთი ცხოვრებისეული სიბრძნის გამოტანაც, რომელსაც ვერცერთ სხვა გარემოებაში ვერ შეიძენ. ნიკამ ეს შეძლო.

უდანაშაულო ადამიანის შეწყალება არც გმირობაა და არც სამართალის აღდგენა, შესაბამისად, სამადლობელი არაფერია.

მადლობა საქართველოს მეგობარ უცხოელებს, რომლებმაც აიძულეს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი და დაითანხმეს ამ აქტზე. რა პოლიტიკური გარიგებაც არ უნდა იდგეს ამის მიღმა, მაინც ვერ გადაწონის შვილებთან მამის დაბრუნების სიხარულს.

შესაბამისად, ეს უნდა უხაროდეს ყველა წესიერ ადამიანსაც.

ყველაფერ დანარჩენზე საუბარი ასეთ ეიფორიულ მომენტში ისეთივე უზნეობაა, როგორც ახლად გარდაცვლილ ადამიანზე აუგის თქმა.

გილოცავთ!”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share