საჯაროდ მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, სასწრაფოდ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენებისდ შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება სცადა, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მიიღო, ზოგ შემთხვევაში კი დაკავშირებაც ვერ მოხერხდა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ინტერესებზე, ამიტომ, გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ მაიორის მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა, ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეების რისკების განსაზღვრა და აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არა თუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ. ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერმინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს რუსეთთან საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, ასევე სანქცირებული პირების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე და უნდა განიხილოს სავიზო რეჟიმის გადახედვა.

“რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში დრო აღარ ითმენს. ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით “ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას” და საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს საჭირო ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების საბჭომ ასევე უნდა განიხილოს რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეაქციები, “რათა არ მივცეთ სეპარატისტებს საშუალება, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები”.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ “ბოროტება შეჩერდება” და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, “არამედ სამართლიანობის მარშია”.

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და “წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას”.

ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოსკოვში და დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. მოსკოვში სამხედრო ტექანიკამ სახელმწიფო დუმასთან ჩაიარა. გადაკეტილია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ქუჩა.

პრიგოჟინის განცხადების ფონზე საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, დააკავონ მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და “რუსული მიწის” დათმობაში ადანაშაულებდა.

ამ დროისთვის პრიგოჟინის ქმედებების ან განცხადებებიბს მტკიცებულებები არ დასტურდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share