გიორგი კობერიძე-უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

რუსეთი რომ არაპროგნოზირებადი, ტყუილსა და სურეალიზმზე აგებული სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობა ყოველთვის, ყველა ფორმაში თავიდან ასარიდებელია იქიდანაც ჩანს, რომ დილით ქვეყნის მტრად გამოცხადებული “ვაგნერის” მეთაური პრიგოჟინი, წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ მარშის შეწყვეტას აცხადებს და უკან გაბრუნებას აპირებს (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს თავის აუდიო მიმართვაში, რომელიც რამდენად ავთენტურია ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ვირუსივით გავრცელდა). დილით, პუტინის მიერ, 1917 წელს შედარებული ქვეყნის მტერი “ვაგნერი” თავის ათობით მის მხარეს გადასული ბანდფორმირება, ახლა კვლავ მოკავშირეებად შეიძლება იქცნენ? რთულად ხდება ასეთი რამ.

რთულად წარმოსადგენია უკრაინაში დაბრუნებული “ვაგნერი” და პრიგოჟინი, რომელსაც შოიგუსთან და პუტინთან ექნება თანამშრომლობა კვლავ. რთულად წარმოსადგენია ადგილზე მყოფი რუსი რეგულარული სამხედროებისათვის მტრად ქცეული ვაგნერის გვერდიგვერდ ბრძოლა და ნდობის აღდგენა. ბოლოს და ბოლოს 7 რუსული საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული (უკრაინელთათვის ყველაზე პრობლემური რამ), ვორონეჟი ორჯერ დაბომბილი და ნავთობტერმინალი დამწვარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დილით პრიგოჟინმა რუსული არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური ტყვედ აიყვანა და უკრაინიდან ტექნიკა გამოზიდა. ამაზე მეტი ქაოსს რუსულ არმიაში ბევრი ვერაფერი შექმნიდა.

ამ ფონზე რუსულ არმიასა და სახელმწიფოში სრული დემორალიზაცია და გაურკვევლობაა. გზები გადათხრილია, ზოგიერთი ადგილი დანაღმული, ხიდები დაზიანებული და სხვა. ამას ემატება კადიროველები და “ვაგნერელები”, რომელთა დაპირისპირებაც ახალ ეტაპზეა გადასული. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც არ ვიცით რეალურად უკან გაბრუნდება თუ არა პრიგოჟინი და თუკი გაბრუნება მართლაც სცადა (ერთია რას ამბობს და მეორეა რა შეიძლება გააკეთოს მან), გაჰყვებიან თუ არა მას აჯანყების სხვა მეთაურები, რომელთაც დღისით პუტინმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა? და თუ გაჰყვებიან როგორ იქნება მათ შორის შემდგომი ნდობა და ურთიერთობა? ასევე საინტერესოა თუ რა ბედი ეწევა დღის განმავლობაში დაკავებულ ვორონეჟსა და როსტოვს? და ბოლოს და ბოლოს, რა ბედი ეწევათ ნახევარი რუსეთის მიერ ნაგინებ შოიგუსა და გერასიმოვს?

სხვა თუ არაფერი მართლაც არ მოხდა, ერთი მაინც შედგა: რუსული სახელმწიფოს სტაბილურობის სიმბოლო დამსხვრეულია, სადაც დილით მტრად გამოცხადებულმა კრიმინალურმა, ტერორისტულმა ნეონაცისტურმა ჯგუფმა გადატრიალება სცადა. ზოგადად, ისეთი ხაზები გადაიკვეთა რუსეთში, რომ აწი ძალიან რთულია მისი უკან გადმოკვეთა ან სხვებისათვის ცდუნების ჩაკვლა.

სხვა მხრივ – უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

გიორგი კობერიძე – ჯიპას” პროფესორი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share