“გურიის გლეხთა აჯანყებით ვინ არ იყო მოხიბლული…ზოგისთვის ეს ჯანყი თავისი წლოვანების აღსანიშნი თარიღი იყო”-ირაკლი მახარაძე

„გურიის გლეხთა აჯანყებით ვინ არ იყო მოხიბლული, წერდა აპოლონ წულაძე, – ამის შესახებ მსჯელობა – ლაპარაკი ერთი-მეორის აზრის გაზიარება, მოგონებათა და სხვადასხვა ეპიზოდის გადმოცემა ჩემს ახალგაზრდობაშიც იყო. ზოგისთვის ეს ჯანყი თავისი წლოვანების აღსანიშნი თარიღი იყო. მაშინ ძლიერ ბევრი ჯანყის დროს გამოთქმულ ლექსსაც ჩაურთავდა:
ბურსილოვმა წიგნი მისწერა
ლევანის ძე დადიანსო,
გურულებმა ჩხუბი მიქნა,
მე აქ ველი შენსა ჯარსო.
დადიანმა მისი ჯარი
მოაყენა მალთაყვასო,
ოცდახუთი გურულები
თავს დაეცა მეგრელთ ჯარსო,
ჩაერივენ ერთმანეთში,
ბაწარს აბმენ ბატონ-ყმასო.
იძახიან, დადიანო.
თავს ნუ მოგვჭრი მადლიანო
სხვათ თუ აფერათ ვარგივართ
-ღორის მწემსათ კაი ვართო.
ცნობისათვის: პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ნაწილის უფროსი იყო. 1841 წ. 19 აგვისტოს გურიაში დავით დადიანის მეთაურობით მეგრელთა 1000 კაციანმა მილიციამ მალთაყვა და გრიგოლეთი დაიკავა, 20 აგვისტოს დადიანის ლაშქარს გურულებმა შეუტიეს, გრიგოლეთში და სამდღიანი ბრძოლა 23 აგვისტოს გურულების გამარჯვებით დამთავრდა, სამეგრელოს მილიციის ნაწილმა იარაღი დაყარა და გურულებს ჩაბარდა, ნაწილმა კი ფოთისაკენ დაიხია.
ნაწყვეტი ეგნატე ნინოშვილის ,,ჯანყი გურიაში”:
“აბა გააკეთეთ თოფები!” – დაიძახა ერთმა გურულმა, ამ დაძახებაზე გურულებმა, თითქო გზას ხურავენ თოფებითაო, აიღეს, შეაჯვარედინეს თოფები, ისე რომ ადამიანი თუ არ დაიკუნძებოდა, ისე აღარ შეეძლო ამ თოფებით დახურულ გზაზე გავლა. ამ დროს დაიძრენ მეგრელები; გაიმართა ერთი სასაცილო სცენა. აი რა სცენა იყო ეს: ჯერ დადიანი და რამდენიმე თავადი დაიკუნძა და გაძვრა თოფის სახურავს ქვეშ. შემდეგ დადიანის მაგალითს მიჰყვა მისი ხალხი და ყველანი დაკუნძული გაძვრენ თოფებს ქვეშ. როცა ეს სასაცილო ცერემონია მოსრულდა, დადიანი პირადად დაელაპარაკა გურულებს:
– ახლა, ძმებო. ხომ გვაძლევთ წასვლის ნებას?
– გაძლევთ, გაძლევთ! ალაიაში ქე გაგაძვრინეთ და მეტი რაღაი! – უპასუხა ერთმა ვაჟკაცური შეხედულების გურულმა.
მხატვარი დიმიტრი გორდელაძე

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share