ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.

“სტაჟირების პერიოდში ძალიან კარგი ხელმძღვანელი გვყავდა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი ესწავლებინა. ჩვენ ვიცოდით, რომ სამი თვე ვივლიდით აქ და შემდეგ უნდა წავსულიყავით”, — ამბობს და აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემდეგ, სამსახურში ყველა სტაჟიორი დარჩა.

მანამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია და მხოლოდ მოკლევადიანი, საზაფხულო პოზიციებით შემოიფარგლებოდა. საქართველოში ახალგაზრდებისთვის სამსახურის პოვნა მარტივი არ არის — გიგაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი პანდემიის შემდეგ უფრო გართულდა. ის სმენადაქვეითებულია და საუბარს ტუჩების მოძრაობით არჩევს. პირბადეების ტარების სავალდებულო წესის გამო კი, ამას ვერ ახერხებდა.

„როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დაიწყო პანდემია და ხალხთან კონტაქტი ვეღარ შევძელი. მერე კომპლექსები გამიჩნდა, ჩავრჩი და ჩავრჩი, სახლიდან ვეღარ გავდიოდი“.

გიგასთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთული იყო, ამიტომ ფიქრობდა, რომ სამსახურის შოვნას აზრიც აღარ ჰქონდა. მისი თქმით, აღარც ეძებდა და უიმედოდ იყო. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მიხვდა, რომ ასე ყოფნით დაიღალა.

ამის შემდეგ ქუთაისის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში მისვლა გადაწყვიტა. გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ცვლილებების სურვილი სწორედ კონსულტაციის გავლის შემდეგ გაუჩნდა, რადგან გასაუბრებაზე მის კარგ თვისებებს გაუსვეს ხაზი და მოტივაცია მისცეს.

 

“ისე არ მომექცნენ, როგორც, ჩვეულებრივ, ადამიანები იქცევიან ხოლმე — როცა ეუბნები, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და ფიქრობენ, თითქოს ეს არაფერია. გასაუბრებაზე ასე არ ყოფილა, მესაუბრნენ იმაზე, თუ რა იყო ჩემი კარგი მხარეები. მეც თვითშეფასება ამიმაღლდა”, — ამბობს გიგა.

 

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში კონსულტაციის შემდეგ გიგამ პროექტ ESCape-ის ფარგლებში ციფრული კომპეტენციის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსი გაიარა.

 

“უკვე ტყუილად ყოფნა მომბეზრდა, დავიღალე. კურსები ონლაინ იყო. მე პანდემიის დროს გარეთ გასვლის, ხალხთან კონტაქტის პრობლემა მქონდა და რახან ონლაინ იყო, ჩავერთე ამ პროგრამაში. ციფრულ საკითხებში თვითნასწავლი ვარ, მაგრამ მაინც დამატებით მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეგო”, — გვიყვება გიგა.

 

მაშინ მიხვდა, რომ ხალხთან კონტაქტი მონატრებული ჰქონდა — გაჩერება აღარ უნდოდა და მიეცა სტიმული, რომ სამსახურის ძებნაც დაეწყო.

„რა არის, იცით? თავიდან რთულია, ნაბიჯი გადადგა და გაიცნო ხალხი, მაგრამ როგორც კი გაბედავ, ახალ რამეს გაიგებ, ვინმე ახალს გაიცნობ, მერე თვითონ მოდის სურვილი, მეტი აკეთო“.

 

კომპლექსები მოეხსნა, უკვე უამრავ ადამიანთან აქვს კონტაქტი და ყოველდღე ახალ ცოდნას იღებს. ამბობს, რომ დღეს მისი მიზანიც სწორედ ეს არის: მეტი ისწავლოს და განვითარდეს, ხოლო თუ ამ საქმეში საკუთარ თავს ამოწურავს, მერე გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგ:

 

“სულ ჩართული ხარ, სულ მოძრაობაში ხარ და ეს ძალიან კარგია. სტაჟირების დაწყებიდან ერთ კვირაში ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში უკან დამბრუნებელი აღარ ვიყავი, იმიტომ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია მუშაობა, ყოველდღე ახალი რაღაცის გაგება, სწავლა”.

თუმცა ამ ეტაპამდე მოსვლა გიგასთვის მარტივი არ ყოფილა — ეშინოდა, ბევრჯერ უფიქრია დანებებაზე, მაგრამ ამბობს, რომ ამის გადალახვაც შესაძლებელია და სხვებსაც მოუწოდებს, არ შეშინდნენ.

„ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკვე ყველაფერი მარტივად მიდის, მთავარია გაბედო“, — აღნიშნავს გიგა.

 

ახლა მუშაობის პროცესი იმდენად სიამოვნებს, რომ ნეგატიური ფიქრებისთვის დროც აღარ აქვს. ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ხალხს ეხმარება. სწორედ ამიტომ უნდოდა, ექიმი გამხდარიყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის მიმართულება დაამთავრა, თუმცა თავდაპირველად სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა.

“სწავლა რომ დავიწყეთ და პრაქტიკები, ოპერაციები მომიწია, მაშინ შევხედე სიტუაციას და გავიაზრე, რომ ექიმობა გამიჭირდებოდა, პირბადე სავალდებულოა — საავადმყოფო ასეთია. შემდეგ გადავედი ჯანდაცვაზე, თუმცა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვისწავლიდი, რაც მინდოდა, ის არ გამოვიდა.

სხვათა შორის, ახლა რას ვფიქრობდი, იცით? ახლა რომ ვიყო იმავე ასაკში, ახლა რომ ვაბარებდე, აღარ დავნებდებოდი, იმიტომ, რომ ბევრად შეცვლილია სიტუაცია, ცნობიერებაც ამაღლებულია”, — აღნიშნავს ის.

„18 წელი ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ მოიფიქრო, რა სფერო გაინტერესებს, მიიღო გადაწყვეტილება და გაჰყვე მას“ – გიგას მიაჩნია, რომ ადამიანების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში, ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. მისი თქმით, შშმ პირები თავიდანვე უნდა ინტეგრირდნენ, რადგან უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია.

გიგას ცვლილელების განხორციელებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ESCape — დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად  დაეხმარა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES Georgia), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ. პროექტი თბილისსა და 6 რეგიონს (აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო და შიდა ქართლი) მოიცავს და ბენეფიციარების დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

 

„შრომის ბაზარი არ არის ინკლუზიური და არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. არსებობს სტიგმა და სტერეოტიპები მათ მიმართ, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. ისინი პრობლემებს აწყდებიან განათლების ყველა საფეხურზე და შრომის ბაზარზე“, — ამბობს დიანა ჩომახაშვილი, პროექტის კომუნიკაციის ოფიცერი.

 

ESCape ხელს უწყობს შრომისუნარიანი ადამიანური რესურსის გააქტიურებასა და ჩართვას შრომის ბაზარზე, ეხმარება იმ ჯგუფებს, რომელთაც დასაქმების გზაზე არსებული დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვა უძნელდებათ.

 

“ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, შშმ პირები, ადამიანები ხანგრძლივი სამუშაო წყვეტით, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან არ არასოდეს ჩართულან საგანმანათლებლო პროცესში. ისინი ბევრ ბარიერს აწყდებიან შრომის ბაზარზე და მათთვის დასაქმებამდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია”, — ამბობს ის.

ის აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გადამზადებული დასაქმების კონსულტანტები ბენეფიციარებს კარიერის ინდივიდუალურ დაგეგმვას, პროფესიულ გადამზადებას, სტაჟირებას სთავაზობენ და მათ დასაქმებას უწყობენ ხელს.

“სამუშაოს მაძიებლებთან მუშაობის პარალელურად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთან, ვაკეთებთ შრომის ბაზრის ანალიზს, რა ვაკანსიებია და პირობები აქვს ამა თუ იმ კომპანიას, ვიკვლევთ, რა მოთხოვნებია პოზიციებზე.შესაბამისად, ზუსტად ვიცით, სად შეიძლება ბენეფიციარის რეფერირება, მისი დაკავშირება დამსაქმებელთან, რომ გარემო და პირობები იყოს მასზე მორგებული. ჩვენი მიზანია, ორივე მხარემ ზუსტად იცოდეს პირობები, შესაბამისად, ბევრს ვმუშაობთ, რომ ორივე მხარის მოლოდინები სწორად შეფასდეს”, — ამბობს ის.

ამასთან, ქუთაისში პროექტის მენეჯერი, ნანა წოწონავა გვეუბნება, რომ ხშირად ჰყავთ ბენეფიციარები, რომლებსაც არასოდეს უმუშავიათ, ან აქვთ ხანგრძლივი კარიერული წყვეტა.

“მათ დღეს შრომის ბაზარზე სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ხვდებათ. ჩვენ ვეხმარებით, რომ გადამზადდნენ და მოერგონ დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაგალითად, პროფესიულ კოლეჯში გაიარონ სასწავლო კურსი და შეიძინონ ახალი პროფესია, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება”, — ამბობს ის.

„გიგა დოღონაძე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მიაღწიო სასურველ მიზანს. მას არ გააჩნდა არანაირი სამუშაო გამოცდილება და ამის გამო უიმედოდ იყო, მაგრამ ჰქონდა დიდი სურვილი და მოტივაცია“, — ამბობს ნანა.

ნანა წოწონავას თქმით, პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან მათ რეგიონებში სამუშაო მოდელის რეპლიკაციით. ტრენინგები ჩატარდება ხუთ რეგიონში — აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს: ორი თბილისში, ხოლო ერთი — ქუთაისში. მათ კი, ვისაც სურს მიიღოს კონსულტაცია, გაიაროს გადამზადების პროგრამები და დაგეგმოს კარიერა, ცენტრებს შემდეგ მისამართებზე უნდა ესტუმროს: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი #66ა, ნავთლუღის ქ. #33. ქუთაისი: ნიუპორტის ქ. #19

ავტორი: ანა მსხალაძე

 

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share