„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ორივე მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.
„ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა. მეორე მოთხოვნას – ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას რაც შეეხება, ეს ასევე არასერიოზულია, ვინაიდან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია. ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს მათ და ვისი სახელით მოქმედებენ ისინი, რატომ ვენდობით ამ ხალხს? მე ვფიქრობ, რომ ამ აქციის ერთ-ერთი პრობლემა არის ორგანიზატორები, იმიტომ რომ ასეთი მოთხოვნების დაყენება, ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა – ეს ყველაფერი ადამიანებში იწვევს ნიჰილიზმს. რამ შეიძლება განმუხტოს ეს კრიზისი? ჩემი აზრით, არაფერმა, გარდა არჩევნებისა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.