”ჩემდა ვერ დავიტიებ. ამბავი უნდა მოგიყვეთ. მოქმედება გურიის მთიან სოფელში ხდება. ოდები გორებზეა მიმობნეული, შუაში ღელე ჩამოუდით და ჭარბი სიმწვანის გამო 10 მეტრში ვერაფერს ხედავ. ვიწრო შუკებით უკავშირდებიან ეს ოჯახები ერთმანეთს, შეღამებულზე მეზობელს ნახევარი კილომეტრიდან გადაძახილით იწვევენ ვახშმად, ყპას უქცევენ და ანგლობენ.
ჩემი მეგობრის ისტორიაა. ვეხვეწე დაწერე თქო და არა შენ ქენიო. მიუხედავად იმისა, ახლა რასაც წაიკითხავთ იმაზე ბევრად უკეთესად შეძლებდა თავად, მაინც გადავწყვიტე გითხრათ. ის არაფერს იზამს და ისევ მე მოვყვე, სჯობს.
როგორც მითხრა ისე გეტყვით, პირველ პირში:
დედაჩემი სკოლაში ასწავლიდა. დილით ადრე გადიოდა და მე ბაბუაჩემის ბიძაშვილის ცოლთან მტოვებდა. ბაბუაჩემის ბიძაშვილის ცოლი ერქვა, თუმცა სინამდვილეში საქმე ასე იყო – ბაბუაჩემის ბიძაშვილის ქორწილის მეორე დილას ომში წაიყვანეს და მალევე დაეცა ბრძოლის ველზე. პატარძალი მშობლებმა სახლში დააბრუნეს, მაგრამ ცოტა ხანში დაიღუპა ამ ქალის მაზლი, ისიც ომში. ბაბუაჩემის ბიძაშვილი ქვრივი იყო და 2 ბავშვი დარჩა უპატრონოდ. ეს ამბავი პატარძალმა გაიგო, წამოსულა საკუთარი სოფლიდან, დასახლებულა თავისი გარდაცვლილი ქმრის ოჯახში და ეს დაობლებული მაზლიშვილები გაუზრდია.
აქედან ბევრი წელი გავიდა. ეს ბავშვები გაიზარდნენ, მე კი ძალიან მიყვარდა ბაბუაჩემის რძალთან, იმის გამომცხავარი ჭადის და მსხლის კამპოტის გემო ახლაც მახსოვს. მახვედრებდა. თუ დაავიწყდებოდა მე ვთხოვდი და ჩადიოდა სარდაფში საიდანაც ეს ყუნწიანად პასტერიზებული მსხალი ამოქონდა. მერე ცეცხლს გადაქექავდა, ნაცარს ტოვებდა და ჭადს პირდაპირ ამ ნაცარზე აკრავდა, წააყრიდა ნაღვერდალს. ვიჯექი და ველოდებოდი როდის გავიდოდა საკმარისი დრო. დაყრიდა ნაკვერჩხალს, ამოიღებდა ჭადს, გაერეცხავდა და ახლა უკვე შკერის ფოთლებს დაალაგებდა გახურებულ ბუხარში, იმაზე დააკრავდა ხელმეორედ. აქედან მალე მზად იყო.
ერთხელაც ამ ქალის საფუტავ ქუხნას თაგვი შემოეჩვია. აიღო დარიშხანი, შაქარი და თხილი, მოხალა ერთად და მიმოფანტა თაგვისთვის წირვის გამოსაყვანად. იმ დღეებში ბებიაჩემთან ერთად ვესტუმრე მის რძალს და სანამ მოხუცი ქალები საუბრობდნენ, ამ სატყუარას გადავაწყდი. ვგიჟდები თხილზე. ბევრი არ მიფიქრია ისე მოვბოჭე ეს დარიშხანშერეული თხილი და შევჭამე. მეორე მუჭა კი ბებიებთან მიმაქვს, თან ვგრძნობ მეძინება. როგორც იყო მივაღწიე მაგათთან და გონებაც დავკარგე.
მაშინვე მიხვდნენ რაში იყო საქმე. მობილური სად იყო, მაგრამ როგორღაც სასწრაფოც გამოიძახეს. უკვე ლურჯი ვიყავი მაგათი მოსვლისთვის. ექიმმა თქვა, ტყუილად რაღას ვაწვალოთ აგი ბაღანა გადადობილია უკვეო და დგას ნახევარი სოფელი, ელოდება როდის მოვკვდები.
მოვიდა ამასობაში მამაჩემი, მალე დედაც და შეუძახეს ექიმებს ქენით რაცხაო. იმათ საბუთებს მოაწერინეს ხელი, რომელიც მედიკოსებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში. პროცედურების ნაწილი იქვე ჩამიტარეს, ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გააგრძელეს მკურნალობა.
ამასობაში ბაბუაჩემის ბიძაშვილის ცოლი ხედავს აღარ ვარ ამ ქვეყნის. მიყურა ერხანს, მერე დატოვა ეს თავყრილობა, წავიდა ბოსელში, აიღო ხბოს რომ აბამდა ის თოკი, ჩამოკიდა საფუტავი ქუხნის წინ ხეზე, მიიდგა ჯორკო, შედგა ზედ, გაუკეთა ყულფი და გაყო თავი შით. დგას ასე და ელოდება როდის შემიცხადიებს საბოლოოდ ბებიაჩემი, რომ გამოიშალოს ჯორკო და ჩამოიხრჩოს თავი. ასე იყო მანამ სანამ ამბავი არ მოვიდა სოფელში, გამეიხედა თვალში ბაღანამო.
წარმოიდგინეთ რანაირი სცენაა, სკოლანდელი გოგო დარიშხანით მოწამლული სიკვდილს ებრძვის, ექიმების უძლური ბრიგადა თავს ადგას, სოფელი გარინდებულია და მოხუცი ქალი შუა ეზოში მის ბოლო ამოსუნთქვას ელოდება ყელზე შემოჭერილი ბაწრით.
მე მალე გამომწერეს და დამაბრუნეს სახლში, მაგრამ იმ ქალს კაი ხანს არ ჩამოუხსნია ბაწარი ხიდან, ვინიცობა იყო და ჩემი გამოჯანმრთელება დროებითი აღმოჩენილიყო. ასე იყო ეს თოკი საფუტავი ქუხნის წინ და კონწიალობდა კიდე 10 დღე, მანამ სანამ არ დარწმუნდა, რომ საფრთხე არ მემუქრებოდაო.
————
ამ ამბავს რომ მიყვებოდა, საჭესთან ვიჯექი, ისე ვიცინოდი თვალები მეხუჭებოდა და დარიშხანს გადარჩენილი მეგობარი, 1-2-ჯერ კაღამ მე ვიმსხვერპლე ავარიით, მაგრამ ამავდროულად ამ ქალის ელდის და სიბრაზის წარმოდგენა მამძიმებდა, საკუთარი თავისთვის რომ გამოჰქონდა ცივსისხლიანი განაჩენი, თან ისე მყარად – სოფლიდან ერთმა კაცმაც კი ვერ გაბედა წინ აღდგომოდა.
——-
ხავსმოკიდებულ კალოშს ამ ქალის ახლა უკვე მიტოვებულ ეზოში გადავაწყდი რამდენიმე დღის წინ.” – წერს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე.