წავედით პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ხელისუფლების დასამხობად – პრიგოჟინის პირველი გზავნილი

ამბოხების მცდელობა, რომელმაც რუსეთის უსუსურობა გამოაჩინა. ევგენი პრიგოჟინის ერთ დღიანმა მარშმა მთელ მსოფლიოს თვალნათლივ ანახა, რომ კრემლი ფაქტობრივად დაუცველია. მაშინ, როდესაც კერძო სამხედრო კომპანიის რამდენიმე ათასი მებრძოლი უპრობლემოდ იღებს ორმილიონიან ქალაქს, მარშით გადის რამდენიმე ასეულ კილომეტრს, უახლოვდება მოსკოვს და გზად რამდენიმე ვერტმფრენს ანადგურებს, რუსეთის არმია ფაქტობრივად წინააღმდეგობის სრულ უუნარობას ამჟღავნებს.

მხოლოდ მოლაპარაკებამ ვლადიმერ პუტინის ყოფილ მზარეულთან შესაძლებელი გახადა ამ მარშის შეჩერება და კრემლის გადარჩენა, თუმცა რა იყო ამ მოლაპარაკების პირობები გაურკვეველია. უცნობი იყო ამბოხების მიზეზიც, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ვრცელი განმარტება თავად “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, პრიგოჟინმა გააკეთა და ყველას აუხსნა, რამ გამოიწვია მარში მოსკოვზე.

“ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელი პრიგოჟინმა 11 წუთიან აუდიო მესიჯში აღიარებს რუსული არმიის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოგდების ფაქტებს.

გარდა ამისა, აუდიომესიჯში პრიგოჟინი ამბობს, რომ არავინ დათანხმდა კონტრაქტის გაფორმებას თავდაცვის სამინისტროსთან და მისმა დაჯგუფებამ არსებობა 1-ელ ივლისს უნდა შეწყვიტოს.

პრიგოჟინი თავისი მოქმედების მიზანს და მის დასასრულს ასე აღწერს: “ჩვენ გავჩერდით იმ მომენტში, როცა თავდასხმის რაზმი მოსკოვს მიუახლოვდა, შემოგარენის დაზვერვა მოახდინა და გაირკვა, რომ იმ მომენტში სისხლი დაიღვრება. ამიტომ, ჩვენ ვიგრძენით, რომ საკმარისია იმის ჩვენება, რის გაკეთებასაც ვაპირებდით. გაბრუნების გადაწყვეტილების უკან კი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იდგა: პირველი – ჩვენ არ გვინდოდა რუსული სისხლის დაღვრა, მეორე – წავედით ჩვენი პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად”.

ამავე დროს, პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, სად იმყოფებოდა ბოლო დღეების განმავლობაში.

პრიგოჟინი ასევე ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღო გარიგებაში და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ “ხელი გაუწოდა და შესთავაზა ვაგნერს, ლეგალურად გაეგრძელებინა მუშაობა” – დამატებითი დეტალების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ გარიგების ფარგლებში პრიგოჟინი ბელარუსში წასვლას დათანხმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share