პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას ოპონენტებს “დემოკრატიის მოღალატეებს” უწოდებს. “შესაძლოა, თითოეული ინდივიდუალური დეპუტატი სხვადასხვანაირად უდგებოდეს ამ საკითხს და ზოგი ჩვენგანი თვლიდეს, რომ დემოკრატიის მოღალატე ოპოზიციონერი დეპუტატები არ უნდა იმსახურებდნენ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნება მიღებული”- ამბობს ერთპარტიული პარლამენტის წევრი და იქვე დასძენს, რომ მოლაპარაკების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების გამართვა არ განიხილება, რადგან ეს ოპოზიციის არალეგიტიმური მთხოვნაა და შანტაჟის პრინციპიდან გამომდინარეობს.
„ასევე ნიშანდობლივია, რომ რადიკალი ოპოზიციონერები ჩვენი მხრიდან კატეგორიულად მოითხოვენ იმას, რომ დროულად გაუქმდეს მათი მანდატები და ამ პერიოდს, რომელსაც მოლაპარაკებების გასამართად ვიყენებთ, შემცირდეს, ეს მათ ინტერესშია. თუმცა, ჩვენი მხრიდან ის მაქსიმალური ვადა გამოვიყენეთ მათ მანდატებზე უარის თქმის განხილვის, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ამ პერიოდში ვმუშაობთ ნაყოფიერად იმისათვის, რომ რიგ ოპოზიციონერებთან კონსენსუსი იყოს მიღწეული”,- განაცხადა წილოსანმა.