„გირჩი” საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის “გენდერი” ამოღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავს.
“გირჩის” პროექტის გათვალისწინებთ, “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს “საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” კანონი დაერქმევა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. “ჩვენი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი “გენდერი”. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით.
ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება კანონმდებლობაში ბუნდოვანებას აჩენს. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს, თუ რა “იდენტობის” მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს “იდენტობის” პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია.
მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენ კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია “თვითიდენტიფიცირება” როგორც ნებისმიერი სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა “სქესის” ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ტერმინი გენდერი განმარტებულია როგორც – “სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე” ანუ შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.