ამ ყველაფერში არც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება წელში გამოყვანილად და არც ბაჩიაშვილია დიდი ბიზნესმენი და ჩაგრული. მათ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე “დაწერეს” დიდი ფული და ახლა ერთმანეთში არჩევენ საქმეებს. ამ დავასთან პროკურატურა რა შუაშია, სახელმწიფო ინსტიტუტები რა შუაშია? – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:
როგორც ხუხაშვილი განმარტავს, ახლა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს საქმეს ურჩევს, რაც კრიმინალური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი.
„თუ საუბარია იმაზე, რომ მოგება პარტნიორს არ გაუნაწილა, რატომ არის ეს კრიმინალური საქმე, ეს არის წმინდა სამოქალაქო დავის საგანი. ორ პარტნიორს შორის მოგების წილების გადანაწილებაზე დავა, ღრმად არასერიოზულია, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა საერთოდ რა შუაშია, განსხვავებით „მტკვარი ჰესის“ საქმისგან – იქ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ თანხები იყო გაფლანგული, იქ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ივანიშვილი საქმეს ურჩევს, ასეთი საქმის გარჩევები კრიმინალური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენთან ხომ კრიმინალური სამყარო და მართლმსაჯულება დიდი ხანია ერთმანეთშია აღრეული? – რად უნდა ვიღაცებთან საქმის დაჭერა და ვიღაცების ჩარევა, როცა ჰყავს მშვენიერი მთავარი პროკურორი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს ეს საქმე – ვინ, როგორ, რანაირად და ამოიღოს ბიძინას კუთვნილი თანხები. ივანიშვილი ბაჩიაშვილთან მართალია… გასაგებია, რომ სასათბურე, სკანდალური პირობები ბაჩიაშვილის ლამაზი თვალებისთვის არ გაკეთებულა, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, ბაჩიაშვილს წილი მოსთხოვოს. ერთ წელიწადში 800%, ნარკობიზნესსაც არ აქვს ასეთი რენტაბელობა, ასეთი რაღაც ბიზნესში არ ხდება. ბიძინას რა თქმა უნდა, შეუძლია მოსთხოვოს ბაჩიაშვილს – მთელი შეღავათები, ეს ყველაფერი ჩემ გამო იყო, თორემ შენ საერთოდ ვინ იყავი, წილი მომეციო. არ ეკუთვნის? ეს ფული ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებულია, ეს უნდა ვიცოდეთ, დღგ რომ არ გადაიხადა, გადასახადებს არ იხდიდა და ამხელა კოლოსალურ თანხებს შოულობდნენ, ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო ანუ ეს ფული ჩვენ მოგვპარეს და ამ მოპარული ფულით დიდი ფული იშოვეს. ამ ყველაფერში, არც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება წელში გამოყვანილად და არც ბაჩიაშვილია დიდი ბიზნესმენი და ჩაგრული, მათ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე „დაწერეს“ დიდი ფული და ახლა ერთმანეთში არჩევენ საქმეებს. პროკურატურა რა შუაშია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამ დავასთან რა შუაშია?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, 40 მლნ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, შესაბამისად, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე უფრო სერიოზულ რამეს ეხება.
„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი მიდგომა დამახასიათებელია, ვიღაცები მიუშვას, შეუქმნას განცდა – გენდობი, ყველაფერი „მოსულაო“, მერე დადგება რაღაც მომენტი, მოიყვანს და ბოლომდე „დაფერთხავს“. სხვათა შორის, ღარიბაშვილი მეორე წრეზე გაუშვა, თორემ ერთხელ მას შეუსრულა კიდეც, მიუშვა, მიუშვა და მერე ყურებში ერთი კარგად წამოარტყა, მერე მიელაქუცა, ილოცა და ისევ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასვა. ბაჩიაშვილიც ბიძინა ივანიშვილის ადამიანებთან ურთიერთობის ტაქტიკაში მოჰყვა. ვფიქრობ, ამ საქმის ანატომია იკეტება მხოლოდ ფულზე. 40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, სხვანაირად შეეძლო დაელაგებინა. როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული, რის გამოც, ეს ყველაფერი ხდება. იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია მთელი ის მითოლოგია, რასაც ათეულობით წლები აშენებდა და რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და მისი ჯიბის პროპაგანდა წლების განმავლობაში ადამიანებს თავში უდებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, რომ მას არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ აქვს და ამ ქვეყანას ახარჯავს ფულს. ახლა უცებ, თვითონ აღიარა, რომ უბრალოდ ბიზნესი კი არ აქვს, ბიზნესი ჰქონდა, რომელიც წელიწადში 800%-ს უწერდა. რადგან ბიძინა ივანიშვილი იმაზე წავიდა, რომ თავის მითოლოგია დაანგრია, ე.ი. ძალიან სერიოზული მიზეზი აქვს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ვერსიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესისა და ქონების შესახებ ბევრი იცის, რის გამოც, მას შეიძლებოდა აშშ-სთან ეთანამშრომლა, რათა ივანიშვილის ქონების დასანქცირება მარტივად მომხდარიყო, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ლოგიკას მოკლებული არ არის.
„დამაჯერებლად ამაზე ჭკვიანი სახით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთ ვერსიას არსებობის უფლება ალბათ, აქვს. შეიძლება, ბაჩიაშვილმა ითანამშრომლა ან ბიძინამ იეჭვიანა, რომ ითანამშრომლებს. შეიძლება, სხვა რამეა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მიზეზი ძალიან სერიოზულია… თუ ის თვლის, რომ ბაჩიაშვილი მისთვის საფრთხეა, რა თქმა უნდა, ის შეეცდება, ამა თუ იმ ფორმით, კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, რა ფორმით, ეს გამოჩნდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
IPN