”არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს – მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბოდინად თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“არც ეს “მაინც მოგვეცით” ვაჭრობაა გამართლებული – ეს თან არასერიოზულია და თან კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელი ჩვენი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის “წველა”, საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს.
და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ, ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა – ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ თამაშებში (ძველ ბერძნულ) იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა.
ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება.” – წერს ნიკა გვარამია.